თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრით დაზარალებულების სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხზე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, თავად დაზარალებულები, მეწარმეები, საქართველოს ბანკების ასოციაციის, მსხვილი კომერციული ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მერის მოადგილეებმა ბანკების წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია მათ მიერ სესხების რესტრუქტურიზაციის მიმართულებით გაწეულ მუშაობაზე. ხანძრის შედეგად, თბილისის მერიის ინიციატივითა და შუამდგომლობით, კომერციულმა ბანკებმა დაზარალებულების საბანკო ვალდებულებების გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს და მათთვის სესხის გადახდის 6 თვით გადავადების პროცესი დაიწყეს.
მერიის წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრაზე დასმული იქნა ახალი პრობლემური საკითხებიც, რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულების საბანკო ვალდებულებების შემსუბუქების სხვა ღონისძიებებთან. ბანკებმა დაზარალებული მსესხებლებისთვის შეღავათიანი რეჟიმის ინდივიდუალურ პირობებში გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია ამ პერიოდში ბანკების მიერ განხორციელებული რესტრუქტურიზაციის პროცესის შესახებ, რომელიც ეხება დაზარალებულებისთვის სასესხო ვალდებულებების შემსუბუქებას. ბანკებმა წარმოადგინეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ მათი პორტფელის რა ნაწილი იქნა რესტრუქტურიზებული. ჩვენი მხრიდან ასევე დასმული იქნა ახალი პრობლემური საკითხები, მათ შორის, ახალი რესურსის მოძიების საკითხი. ბანკები მზად არიან, თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილონ ეს შესაძლებლობები“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
საქართველოს ბანკების ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ,,ბავშვთა სამყაროში“ხანძრის შედეგად 600-ზე მეტ დაზარალებულს აქვს საბანკო ვალდებულებები, რომლის ჯამური ღირებულება 16 მილიონამდე ლარს შეადგენს.
საშეღავათო პირობების განსაზღვრისთვის ბანკებს 200-მდე დაზარალებულმა მიმართა. ბანკებმა ყველა მათგანის სასესხო ვალდებულების რესტრუქტურიზაცია განახორციელეს. ამასთან, მათ სხვადასხვა სახის საშეღავათო პირობები ინდივიდუალურად განესაზღვრათ.
ამ ეტაპზე ბანკების მიერ რესტრუქტურიზებული თანხა ჯამში 7 მილიონამდე ლარს შეადგენს.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას თქმით, საბანკო სექტორი, შესაძლებლობის ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული პრობლემების გადაწყვეტაში.
„დღევანდელ შეხვედრაზე საბანკო სექტორი, მერიის ხელმძღვანელობა და დაზარალებულები კიდევ ერთხელ გავეცანით საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებს. საბანკო სექტორი მაქსიმალურად მოწადინებულია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაში ქმედითად ჩაერთოს. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ შეხვედრაზე წამოჭრილ ახალ პრობლემურ საკითხებს, დაზარალებულების მოთხოვნებს და მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ეს საკითხი შესაძლებლობისამებრ გადავჭრათ“ – განაცხადა ზურაბ გვასალიამ.
გუშინ, ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებმა აქცია გამართეს.
30 იანვარს, ვაგზლის მოდენის ტერიტორიაზე, ბავშვთა სამყარო და ე.წ. ოქროს ბირჟა რამდენისმე საათიანი ხანძრის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა. ხანძრის შემდეგ შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს. მოვაჭრეეების ნაწილს გაუნადგურდა საქონელი, რომელიც შენობაში, დახლებზე იყო განთავსებული.