ამბროლაურში ყოფილი სანატორიუმის შენობა გაიყიდა. ობიექტი, რომელიც ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე მდებარეობს პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 164 000 ლარად გასხვისდა.
როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რაჭის რეგიონში სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით სახელმწიფო ქონების პრივატიზება წარმატებით გრძელდება.
”აუქციონში გამარჯვებული 30 ნომრიან სასტუმროს მოაწყობს, დაასაქმებს 10 ადამიანს და განახორციელებს 338 000 ლარის ინვესტიციას”, – აღნიშნავენ სააგენტოში. მათივე ცნობით, ამ პროექტის ფარგლებში რაჭაში პრივატიზებული ეს უკვე რიგით მეორე ქონებაა. 2016 წლის ბოლოს ელექტრონულ აუქციონზე სოფელ უწერაში 1691 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გასხვისდა, სადაც 12 ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად არანაკლებ 450 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
შეგახსენებთ, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.