LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა ლაბაძე: „ბევრი შეცდომა დამიშვია, ბევრ ადამიანს დავუხარე თავი…“

214

მოცეკვავე ლიკა ლაბაძე, რომელიც რამდენიმე წელია, აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იტალიელი მეუღლე ჰყავს, თავისი ოცნების ასრულებას ცდილობს – მას მსახიობობა სურს და ამისთვის სპეციალურ სასწავლებელშიც ჩააბარა.

ლიკა იშვიათად საქართველოშიც ჩამოდის. ახლახან მას 31 წელი შეუსრულდა და ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა:

„დღეს უკვე 31 წლის ვარ და ჩემ უკან ბევრი უზარმაზარი ცხოვრებისეული ეტაპია, რომელიც რამდენჯერმე რადიკალურად შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. იცვლებოდა გარემო, იცვლებოდა პროფესია, იცვლებოდნენ ადამიანები, ვიზრდებოდი მე…

გაოგნებული ვარ, ამ წლების განმავლობაში რამდენი რამ ვისწავლე, რამდენი ადამინი შევისწავლე, რამდენი პრინციპი ჩამოვიყალიბე, რამდენმა ტკივილმა გამზარდა და დღეს მიხარია რომ მე და ჩემი სამყარო რადიკალურად სხვა პლანეტაზე ვართ.

ბევრი შეცდომა დამიშვია, ბევრ ადამიანს დავუხარე თავი, ბევრჯერ არ ვთქვი ჩემი სიმართლე, ბევრჯერ მეტკინა და ვმალავდი, ბევრჯერაც თავს ვიტყუებდი, ბევრჯერ ზედმეტმა „ზრდილობამ“ და „ტაქტმა“ არ მათქმევინა ის, რასაც სწორად ვთვლიდი, ბევრჯერ სხვისი გულის არტკენის გამო (რადგან სიმართლე მწარეა) უკან დამიხევია და „გამიტარებია“, ბევრს ამით უსარგებლია. ბევრჯერ ადამიანები ჩემს საქციელს არასწორად ხედავდნენ, ბევრს „უჭორავია“ ალბათ, ბევრი ცდილობდა, მხოლოდ ცუდი დაენახა…

მაგრამ მე ერთი წამითაც არ მინანია არასდროს! არაფერი! ვთვლი, რომ „ჭკვიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ“, ვთვლი რომ „რასაცა გასცემ შენია“ და ვთვლი, რომ „ადამიანს ყველაფერი უკან უბრუნდება“. ვთვლი, რომ „ტიშე იედიშ დალშე ბუდეშ…“ ვთვლი, რომ „სიყვარულსა მალვა უნდა“, ვთვლი, რომ „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“, ვთვლი, რომ ურთიერთობაში მთავარი ყურადღება, ანგარიშის გაწევა და დაფასებაა. კიდევ ბევრ რამეს ვთვლი, მაგრამ აღარ გავაგრძელებ…

დღევანდელი გადმოსახედიდან უკან მოგონებების, გამოცდილების, სიტუაციების ძალიან დიდი ქარბორბალა გამოვიარე… დღეს მიხარია, რომ როცა გასარისკი იყო, გავრისკე, მიხარია, რომ დიდი ოცნებების არასდროს მეშინოდა, მიხარია, რომ წარსული არასდროს მერჩივნა აწმყოს… მიხარია, რომ სულ რომ დღეს სრულდებოდეს დედამიწაზე ადამიანის არსებობა, მე ჩემს ჯუზეპეს უკვე მივაგენი…

დღეს 31 წლის ვარ… წინ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, ბევრი გამოცდილება მაქვს მისაღები (დედა მეუბნება, 40 სულ სხვააო…). ისევ ბევრჯერ დავეცემი და ისევ ბევრჯერ ავდგები ალბათ… თუმცა დღეს მიხარია, რომ პიროვნულად ვარ იქ, სადაც „ძალიან კარგია“ და ძალიან სიმშვდეა.

დღეს მე ვარ უსაზღვროდ, ცრემლებამდე მადლიერი ყველაფერ იმისთვის, რაც ცხოვრებამ მაჩუქა!

Happy Birthday to me!“ – წერს ლიკა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე. მის სტატუსს შემოკლებით გთავაზობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები