“რუსთავი 2”-მა სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართა. სამაუწყებლო კომპანიის იურისტი, თამთა მურადაშვილი, აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა გააგზავნეს.
„ეს არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვთხოვთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნება არსებითად განხილული ჩვენი სარჩელი,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
მისი თქმით, არ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს მიერ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პრეცედენტი.
„ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ შანსები ამ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილების არ არის დიდი, ძალიან მინიმალურია. თუმცა, რუსთავი2-ის გუნდმა, რომელიც არის მებრძოლი გუნდი, ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო მაინც გამოგვეყენებინა შანსი, გვეცადა და შესაბამისად მივმართეთ სასამართლოს,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველო არის ვალდებული, რომ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების აღსრულება.
იურისტის თქმით, ღონისძიების შინაარსიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო უახლოეს დღეებში მიაწვდის პასუხს.