ირანელი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტირებით ინტერესდებიან. უცხოელ ინვესტორთა დელეგაცია ჩვენს ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით იმყოფება. ისინი სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდნენ და გაეცნენ საქართველოში ეკონომიკურ პროცესებსა და ბიზნესის კეთების შესაძლებლობებს.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ირანული ბიზნეს-დელეგაციის შემადგენლობაში 21 კომპანიის წარმომადგენელია. ისინი რამდენიმე სფეროს წარმოადგენენ, მათ შორის: მსუბუქი მრეწველობა, კავშირგაბმულობის მასალის წარმოება, მანქანათმშენებლობა, მრეწველობისთვის საჭირო დანადგარების წარმოება, მეტალის გადამუშავება, აგრო-სფერო, მარკეტინგული სერვისები, საგზაო ნიშნების წარმოება, ირანული რეწვის ნიმუშები და ა.შ.
მათივე ცნობით, კომპანიების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. გარდა პროდუქციის იმპორტ-ექსპორტისა, ირანული დელეგაციის წევრები დაინტერესებულნი არიან საქართველოში საწარმოების გახსნით და ადგილობრივი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებით.