LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამეგრელოს მსოფლიოს ვერც ერთი კურორტი ვერ შემიცვლის”

92
kvaratskhelia-khvitcha-resaiz

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოშია, რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება და სეზონის განახლებას ელის. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი საინტერესო მოსაუბრე გამოდგა და ბევრ თემაზე გველაპარაკა – კორონაპაუზაზე, ფეხბურთის და სამეგრელოს მონატრებაზე, მეგობრებთან ერთად ფეხბურთით გართობაზე, ყაზანის „რუბინის“ მთავარ მწვრთნელზეა და ა.შ.

სამეგრელო ბავშვობიდან ძალიან მიყვარს

– ყაზანიდან თბილისამდე გზაზე გადამხდარი თავგადასავლის შემდეგ დასვენებას მოასწრებდით და საინტერესოა, ფორმის შენარჩუნებას როგორ ახერხებთ?

– სახლის პირობებში როგორც შესაძლებელია, ისე ვვარჯიშობ. გარეთ იშვიათად გავდივარ და მაშინაც მხოლოდ სარბენად. შესაძლოა, მალე სამეგრელოში, სოფელში წავიდე, სადაც ძალიან ლამაზი ბუნებაა და გარეთ ვარჯიშის მეტი საშუალება მექნება.

– ეტყობა, სამეგრელოში ძალიან გიყვარს, მახსოვს, ამაზე რუსულ გამოცემასთან ილაპარაკე, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე ყოფნას იქ დასვენება მირჩევნიაო.

– ასეც არის. საერთოდ, საქართველოში ყოფნას არაფერი მირჩევნია და მსოფლიოს ვერც ერთი კურორტი ვერ შემიცვლის. სამეგრელო კი ჩემი კუთხეა და ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, ისევე როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს საკუთარი კუთხე.

– სამეგრელოში ხშირად ჩადიხარ?

– როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება. იქ ყველაფერი მიყვარს, მათ შორის საჭმელები და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. დასავენებლად ამაზე უკეთეს ადგილს ვერ ნახავ. თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია, სუფთა ჰაერი და მაგარი მდინარეა…

 

მიყვარს მეგობრებთან თამაში

– მდინარის პირას ან ეზოში ფეხშიშველა გითამაშია?

– კი, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა. ახლა ეს უკევ იშვიათად ხდება, რადგან პროფესიულ გუნდში მოვხვდი და ამის უფლება არ გამაჩნია, თუმცა, თავისუფალ დროს, როგორც კი საშუალება მომეცემა, ვცდილობ, ფეხბურთი ვითამაშო.

– ყოფილა შემთხვევა, უბანში თამაშისას საქართველოს ნაკრების მოთამაშეს ტრავმა მიუღია და ზოგადად, პროფესიულ კლუბებში ფეხბურთელებს ასეთ გართობას ხომ უკრძალავენ.

– მე ვისთანაც ვთამაშობ, ყველა მეგობარია და იციან, რომ უნდა გამიფრთხილდნენ, ბევრჯერ ყოფილა, რომ ვარჯიშების შემდეგ ეზოში ჩავსულვარ და მითამაშია. მაგრამ რაც დიდებში დავიწყე, განსაკუთრებით, „რუბინში“ გადასვლის და საქართველოს ნაკრებში მიწვევის შემდეგ, ასეთი რამ იშვიათად ხდება, რადგან დიდი დატვირთვებია, ვარჯიშის შემდეგ კი დასვენებას ვცდილობ.

ზუკა და მამები

– თბილისის „დინამოს“ აკადემიიდან მოყოლებული, ერთწლიან პაუზას თუ არ ჩავთვლით, შენი და დავითაშვილი სულ ერთად თამაშობთ, ეროვნულ ნაკრებშიც ლამის ერთდროულად მიგიწვიეს და ყაზანის „რუბინშიც“.

– ეს ორივეს გვეხმარება. უცხოეთში ბავშვობის მეგობართან ერთად თამაში იშვიათია და დიდი ფუფუნებაცაა. ბავშობიდან ერთად ვართ და ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებით.

– მამუკა ჯუღელმა კარგი ის ქნა, რომ რომ ორივე ერთ გუნდში მიგიყვანათ.

– ეს მართლა მაგარი საქმე გაგვიკეთა. წარმომიდგენია, ახლა ყაზანში მარტო რომ ვყოფილიყავი, თავს ასე კარგად ვერ ვიგრძნობდი.

– საინტერესო დამთხვევაა, რომ 20 წლის შემდეგ წინ თბილისის „მერანი 91-ში” თ1ვენი მამებიც ერთად თამაშობდნენ.

– ეს ამბავი მეც ვიცი, ბადრი და სულიკო დავითაშვილი „მერანში“ რომ თამაშობდნენ. ვიცი, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო და ევროგათამაშებაში ავსტრიულ გუნდთან („რიდი“) გოლები გაიტანეს. მაგრამ იქ მამაჩემი ცოტა ხანი გამოდიოდა და ერთად დიდხანს არ უთამაშიათ.

სლუცკი

– როდესაც „რუბინს“ რომან შიროკოვი ავარჯიშებდა, უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა – ათამაშებდა ზუკას ან შენ, ერთად კი ფაქტობრივად მოედანზე ყოფნა არ გიწევდათ და ბავშობიდან ჩამოყალიბებულ დუეტს ვერ იყენებდა.

– ასე რამდენჯერმე მოხდა, მაგრან სლუცკიმ მოსვლის შემდეგ „რუბინში“ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა ერთად ხშირად ვთამაშობთ.

– სლუცკის შენდამი დამოკიდებულება კეთილგანწყობილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს – ინტერვიუებში სულ იუმორით ან სიყვარულით გახასიათებს, სულ გეხუმრება. რეაკურად, რა ურთიერთობა გაქვთ?

– მიხარია, ასეთ ადამიანთან და რაც მთავარია, კარგ მწვრთნელთან რომ ვმუშაობ. ფეხბურთელებთან მიდგომაც იცის და ძალიან საინტერესო ვარჯიშებსაც გვიტარებს. მისგან ყოველდღიურად ბევრ რამეს ვსწავლობ. მოსკოვის ცსკა-ში სერიოზულ წარმატებებს მიაღწია, რუსეთის ნაკრებს, ინგლისურ და ჰოლანდიურ კლუბებს ავარჯიშებდა. მოკლედ, თანამედროვე და კარგი მწვრთნელია. თუ გახსოვთ, წელს სეზონი რომ განახლდა, პირველივე ტურში შესვენებამდე ორი ყვითელი ბარათი მივიღე და ამის გამო ბოლო წუთზე მოედნიდან გამაძევეს. ეს არც ერთ მწვრთნელს არ გაუიხარდა და არავინ შეგაქებს. ბუნებრივია, თამაშის შემდეგ სლუცკისგან მადლობა არ მიმიღია, მკაცრად მელაპარაკა, მაგრამ ამ ყველაფერზე ისე ადამიანურად მელაპარაკა და ამიხსნა, კიდევ უფრო კარგად დავინახე, ჩემს მიმართ როგორი კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.

– უცხოეთში მწვრთნელის ლეგიონერისადმი ასეთ დამოკიდებულებას სანატრელია.

– გეთანხმებით. სხვათა შორის, ზუკას მიმართაც ანალოგიური განწყობა აქვს. საერთოდ, ვიცი, რომ სლუცკის ტექნიკური და შემტევი ფეხბურთელი მოწონს და ქართველ ფეხბურთელებსაც აფასებს. საკმაოდ მკაცრია, მაგრამ ფეხბურთელებს კი არ ეჩხუბება, არამედ ადამიანურად უხსნის. ასეთია მოედანზეც და მის მიღმაც.

შანსს ყოველთვის მაძლევს

– სლუცკიმ რუსულ მედიაში იური სიომინს შეფასებაში დაეთანხმება, კვარაცხელია ნამდვილად დიდი ტალანტიაო, მაგრამ შენგან სტაბილურად კარგ თამაშს ითხოვს. შენს ასაკში ეს რთულია.

– რა თქმნა უნდა, რთულია, რადგან რუსეთის ჩემპიონატში ვთამაშობ, სადაც იოლი არც ერთი მატჩი არაა და სულ მაღალი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ მიწევს თამაში. მაგრამ სლუცკი მენდობა, მათამაშებს და შანსს ყოველთვის მაძლევს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც სტაბილურად თამაშობ, მერე სტაბილურ თამაშსაც აჩვენებ.

– გასული წლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში შანსს ვლადიმირ ვაისიც სისტემატურად გაძლევს. ალბათ, ბელარუსთან გამოძახებასაც ელოდი.

– რა თქმა უნდა, გამოძახების იმედი მქონდა, რადგან „რუბინის“ შეკრებაზე ყველა შეხვედრა ჩავატარე და როგორც თავად თქვეს, შეკრებებზე საუკეთესო ვიყავი. მერე ჩემპიონატშიც ვითამაშე, მაგრამ თამაში კორონავირუსის გამო გადაიდო და გული დამწყდა, რადგან კარგ ფორმაში ვიყავი.

ბელარუსთან შეხვედრა საქართველოსთვის და ჩვენი ხალხისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, რომლითაც შეგვიძლია ისტორიაში შევიდეთ. მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს ეს შეუძლია. კარგია, რომ თამაში გადაიდო და უმაყურებლოდ არ გაიმართება, რადგან სავსე ტრიბუნები ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა, მათ გარეშე კი ბელარუსის შანსები გაიზრდება. გულშემატკივრის ზეწოლა ფეხბურთში ძალიან ბერს ნიშნავს.

შეცვლილი ლოკაცია და მონატრებული ფეხბურთი

– საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რუსეთის ვირტუალურ ლიგაში ყაზანის „რუბინის“ სახელით აღარ თამაშობდი – რა მოხდა, თავიდანვე ხომ წარმატებით დაიწყე?

– საქართველოში რომ ჩამოვედი და ლოკაცია შევიცვალე, სხვა ქვეყნიდან მონაწილეობის უფლება აღარ მქონდა – თამაშისთვის აუცილებელია, რომ ადგილზე იყო. ამიტომ ჩემმა თანაგუნდელმა ბაკაევმა შემცვალა.

– უფეხბურთოდ თავს როგორ გრძნობ?

– საშინლად, თამაში და ვარჯიში ძალიან მომენატრა. ფეხბურთი ბავშვობიდან მაგრად მიყვარს, მაგრამ ახლა კიდევ უფრო შემიყვარდა.

– ასეთ პირობებში როგორია შენი ერთი რიგითი დღე?

– ძალიან მოსაწყენი, რადგან კარგად ვერ ვვარჯიშობ. მე და ზუკა ერთად ვიტვირთებით, გაწელვებს და სახლის პირობებში შესაძლებელ ვარჯიშებს ვატარებთ. მერე კი რა უნდა ვქნა, ფილმებს და სერიალებს ვუყურებ. ასე ყოფა ძნელია. იმედია, პანდემია მალე გადაივლის და მოედნებს და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით.

lelo.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები