LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის სასაფლაოები დაიკეტება, იხურება ბაზარიც: სამეგრელოში ზომები მკაცრდება

167
91501305-1580455972121366-6749181238944202752-o

ინფექციის ფართოდ გავრცელების საშიშროებისა და მაღალი რისკის შემცველი მდგომარეობის გათვალისწინებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ზომები მკაცრდება. რეგიონის რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოებასა და დაცვას ემსახურება. მხარის გუბერნატორის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულებზე დაიკეტება ზუგდიდის, ფოთის და სენაკის სასაფლაოები. ინფორმაცია “ფორტუნას”  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

“ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიხურება. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ“ – აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია.

ქუთაისისა და ზესტაფონის სასაფლაოები სააღდგომოდ იკეტება

რწმუნებულის განმარტებით, დაიხურება აგრარული ბაზრებიც.  შეგახსენებთ, რომ დღემდე ფოთისა და ზუგდიდის ბაზრები ნაწილობრივ ფუნქციონირებდა. დისტანციის დაუცველობის გამო დღეიდან ზუგდიდის, ხოლო ხვალიდან ფოთის ბაზრები იხურება.  მოწერელიას განცხადებით, მიუხედავად პოლიციის, ზედამხედველობის სამსახურისა და მოხალისეთა მობილიზებისა, ადგილზე  უმართავი ვითარება დაფიქსირდა. მისი განმარტებით, მოქალაქეები დისტანციას არ იცავენ, რის გამოც მიიღეს ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება.

“სამწუხარო რეალობა გვქვს. მიუხედავად პაატა იმნაძის განცხადებისა, რომელიც ყველამ მოვისმინეთ, ნაკადი არათუ შეწყდა და შემცირდა, არამედ მოიმატა. ვხედავთ, რომ როგორც მოსახლეობის, ასევე ავტომანქანების რაოდენობა არის მომატებული. ყოვლად მიუღებელი და წამოუდგენელია ის, რაც ზუგდიდის ბაზარში დღეს მოხდა. მიუხედავად პოლიციისა და მუნიციპალიტეტის მობილიზაციისა, პროცესი უმართავი გახდა. მე ბოდიშს ვუხდი მეწარმეებს, ვინც დღეს დაზარალებული დარჩა იმის გამო, რომ მოქალაქეებმა დისტანციის დაცვაზე განაცხადეს უარი. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა საკუთრი თავის, ოჯახის წევრების, ნათესავების, პოლიციის, ადმინისტრაციის მიმართ. დაიხურება ფოთის ბაზარიც, მიუხედავად იმისა, რომ ფოთში უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. აკრძალულია გარევაჭრობაც და ყველა დაჯარიმდება, ვინც დაარღვევს წესებს. არავის უხარია 3 000 ლარიანი ჯარიმების გამოწერა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, პოლიცია იმოქმედებს კომპრომისის გარეშე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ზუგდიდის ბაზარი დაიკეტა: სად უნდა იყიდოს ხალხმა პროდუქტი და რა უნდა ქნან მოვაჭრეებმა

რწმუნებულის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ხმაური იყო ზუგდიდის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე მოვაჭრემ ბაზრის ნაწილობრივი გახსნა გააპროტესტა. კონკრეტულად, უკაყოფილება გამოთქვეს იმ ადამიანებმა, ვინც სახელმწიფოს კუთვნილი ფართით სარგებლობდნენ. ნაწილობრივ გახსნილ ბაზარში კი მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტები მუშაობდა. მოვაჭრეებმა მოითხოვეს ბაზრის ან სრულიად გახსნა ან ყველასთვის საერთოდ ჩაკეტვა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. დღის ბოლოსთვის კი გაირკვა, რომ სახელმწიფო რწმუნებული რეკომენდაციების არგათვალისწინების მიზეზით აგრარულ ბაზარს მთლიანად კეტავს.