LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიტიკამ შედეგი გამოიღო: ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს უბრუნდება

57

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა დაანონსა.
”მთავრობის სხდომაზე ჩვენ წარვადგინეთ ჯამში 17 კანონისგან შემდგარი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნებას”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„როგორც ცნობილია, 2015 წელს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტებში ცვლილება, რომლის მიხედვით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა გადასულიყო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთან. ამის შემდეგ საკონსტიტიუციო სასამართლოში მოხდა აღნიშნული კანონპროექტების გასაჩივრება. ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ რომ, ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად ვთვლიდით, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ პირვანდელი სახით იმ კანონპროექტებს, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ეხება. ამავე დროს მინდა განვაცხადო, რომ ვართ ძალიან აქტიურ პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში, რომელთათვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენაა აღნიშნული გადაწყვეტილება“, – განმარტა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შედეგად გამოეყო, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, საფინანსო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკისგან გამოიყო ის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბდა.

კანონპროექტი დამტკიცებამდე პარლამენტში ხმაურისა და კრიტიკის ფონზე განიხილებოდა. ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გასვლას ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პრეზიდენტი. მან პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა საკანომდებლო ორგანომ გიორგი მარგველაშვილის შენიშვნები არ გაითვალისწინა. საბოლოოდ, ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ახალი ნორმის მოქმედება შეაჩერა, რის გამოც ეროვნულ ბანკს გამოყოფილმა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტომ ფუნქციონირება ვერ დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები