„ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ ყოველდღიურად თავშასაფარში არაერთი ზარი შემოდის, ოჯახებს ძაღლების დატოვება სურთ. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ბოლო პერიოდში სახლიდან გამოგდებული რამდენიმე ძაღლი მივიღეთ“ – განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა და აღნიშნა, რომ როცა ძაღლის დატოვებაზე უარს ეუბნებიან, პატრონები მათ ქუჩაში ტოვებენ.
„მინდა მივმართო მოსახლეობას, შინაური ცხოველები, ძაღლი და კატა კორონავირუსის გადამტანები არ არის. ადამიანს შინაური ცხოველებისგან, რომლებიც სახლში ჰყავს, არანაირი საშიშროება არ ემუქრება. დღეს ორი ძაღლი მივიღეთ. რომ მოიყვანეს თავშესაფარში და მიღებაზე უარი ვუთხარი, ქუჩაში მიატოვეს, რას ჰგავს ახლა ეს? ჩვენი თავშესაფრის youtube-ის არხზე რომ შეხვიდეთ, ნახავთ როგორ განიცდიან მიტოვებული ძაღლები პატრონის ღალატს. კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, არანაირ საფრთხეს შინაური ცხოველები არ შეგიქმნიან“ – განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.