LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ძალაშია

90

თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა ის გადაწყვეტილება, რომლითაც დროებით შეჩერებული იყო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის ყრილობის შედეგები. მათ შორის, დროებითი შეჩერება შეეხებოდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსაც, რომელშიც ლერი ხაბელოვმა ირაკლი მეძმარიაშვილი დაამარცხა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ოლიმპიური კომიტეტის ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებები ძალაში ოფიციალურად არის შესული, თუ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დროებით შეჩერების გაუქმების შესახებ მოსარჩელე მხარემ (ამ შემთხვევაში ირაკლი მეძმარიაშვილის მხარემ) ზემდგომ ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვალს იმსჯელა და განიხილა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საჩივარი, სრულად გაიზიარა საჩივრის არსობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია და გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 24 იანვრის განჩინება, რითაც შეჩერებული იყო 2016 წლის 23 დეკემბრის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო საანგარიშო ყრილობის შედეგების რეგისტრაცია. მათ შორის, კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები. შესაბამისად, სეოკ-ი უფლებამოსილია განაცხადოს, რომ დღეის მდგომარეობით სამართლებრივი თვალსაზრისით, ელემენტარული მინიმალური ეჭვის გამოთქმის უფლებაც არავის გააჩნია 2016 წლის 23 დეკემბრის საარჩევნო საანგარიშო ყრილობის კანონიერებასთან მიმართებაში. პროცესი გრძელდება, ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა შეჩერება, ამჟამად არის ასეთი სიტუაცია: სარჩელი არის შეტანილი მოსარჩელის მხრიდან, სადავო აქვს გამხდარი არჩევნების შედეგები, ამ საჩივარზე არსებითი განხილვა არ დაწყებულა, რადგან განხილული იყო უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც დროებით იყო შეჩერებული დროებითი რეგისტრაცია. თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა ძირითადი სარჩელის განხილვა“, – განაცხადა ყანდაშვილმა.

23 დეკემბრის არჩევნების შედეგად ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ლერი ხაბელოვმა ირაკლი მეძმარიაშვილი დაამარცხა. ამის შემდეგ ირაკლი მეძმარიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის ამ მოთხოვნის ფარგლებში დროებით შეაჩერა არჩევნების შედეგები, რის შემდეგაც ასევე საქალაქო სასამართლოს მიმართა უკვე ოლიმპიურმა კომიტეტმა, დროებითი შეჩერების გაუქმების მთხოვნით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.