LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს – ADB

97
thumb

2021 წელს, საქართველო ეკონომიკურ გაჯანსაღებას გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს – ამის შესახებ საუბარია აზიის განვითარების ბანკის ანგარიშში.

ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის.

ADB-ის მთავარი ეკონომიკური გამოცემა — „აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020“-ის ვარაუდით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2020 წელს 0%-მდე დაეცემა კოვიდ-19-ის პანდემიისა და ნავთობზე ფასების ვარდნის, შემცირებული მოხმარების, ტურიზმისა და ვაჭრობის პასუხად. თუმცა, მათი აზრით, საქართველოს ეკონომიკის ჩვეულ დინამიკაში დაბრუნება 2021 წელს 4.5%-იანი ზრდითაა მოსალოდნელი.

“საქართველომ, როგორც წამყვანმა რეფორმატორმა, უკვე გაატარა ზომები პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შესასუსტებლად, რაც სხვა ნაბიჯებთან ერთად, მოიცავს ტურიზმის სექტორში ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების შეჩერებას, საბანკო-სასესხო რეგულაციების შემსუბუქებას და ინფრასტრუქტურაში გაზრდილ ხარჯვას,“ – აცხადებს ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში შეინ როზენტალი.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარების მეტი მხარდაჭერა და ინვესტირება თანამედროვე ტექნოლოგიებში, მეცნიერებასა და ციფრულ განათლებაში.

შეგახსენებთ, ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები