„თეგეტა მოტორსი“ ხვალ ბაქოში ფილიალს ხსნის. როგორც ”ფორტუნას” „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, კომპანია ადგილობრივ მომხმარებელს სრულ ავტო-ტექნიკურ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს შესთავაზებს. შოურუმში წარმოდგენილი იქნება საბურავები, ზეთები, ფილტრები, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე, სპეცტექნიკის სათადარიგო ნაწილები, აკუმულატორები, სერვისის დანადგარები, ინსტრუმენტები და საავტომობილო აქსესუარები. მათივე ცნობით, „თეგეტა მოტორსის“ აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მიიღოს მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და კომფორტული გარემო.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, „თეგეტა მოტორსი“ პირველია ქართულ ავტოინდუსტრიაში, რომელიც საკუთარ წარმომადგენლობას საზღვრებს გარეთ გახსნის.
ცნობისთვის, „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია, ქართულ ბაზარზე საქმიანობს და არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი.