ზურა შევარდნაძე “გარდენია შევარდნაძის” გვერდზე აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს იდეის შესახებ, რომელიც სპეცგადაცემის მომზადებასთან დაკავშირებით გაუჩნდა.
გთავაზობთ პოსტს სრულად:
“ბოლო დღეებია, ფანჯრიდან ვაწვდი მსურველელებს ბოსტნეულის ჩითილებს, თესლებს და რამდენადაც ეს ამ პირობებში შესაძლებელია, რჩევებსაც ვარიგებ.. რომ მეგონა, იმაზე რთულადაა საქმე, ადამიანების უმრავლესობა მოწადინებულია, მონდომებულია, შეშინებულია და დიდი სურვილი აქვთ, ბოსტნეულის დარგვის და დათესვის, მაგრამ უმრავლესობას არა აქვს ცოდნა და მით უმეტეს, გამოცდილება…
აუცილებელ, გადაუდებელ, საქვეყნო საქმედ მიმაჩნია ახლა აგრონომების, მებაღეების, უბრალოდ გამოცდილი მებოსტნეების შეგროვება და ერთი კარგი სასწავლო გადაცემის მომზადება. აუცილებელია ყოველდღე გადაიცემოდეს ისეთი შინაარსის ვიდეოები ტელევიზიით, სადაც ადამიანები, გამოუცდელი, მონდომებული ადამიანები შეძლებენ ისწავლონ თესვა, დარგვა, დაჩითილება, მყნობა, დაკალმება, მორწყვა, განოყიერება, ახვევა, გაფურჩქნა, გამარგვლა, შეწამვლა, გასხვლა..
ბევრი რამის გაკეთება ფანჯრის რაფაზე და აივანზეც კია შესაძლებელი…
ვფიქრობ, ახლა მსგავსი შინაარსის გადაცემას ყველა თურქულ სერიალზე მეტი რეიტინგი ექნება და სანამ ექიმები, მთავრობა, ჯარი, პოლიცია თავიანთი ურთულესი მოვალეობის შესრულებით არიან დაკავებულები, ჩვენც არ მოვცდებოდით, არ დავკარგავდით დროს. გაზაფხულია და ახლა ყოველი დღე მნიშვნელოვანია.
მე მზად ვარ, სრულიად უანგაროდ, დავთმო მთელი ბაღი, სათბურები, სახელოსნოები, ბოლომდე დავიხარჯო და ხელი შეუწყო მსგავსი შინაარსის ვიდეოების მომზადებას.. ეგებ ვინმეს ქონდეს ამ დიდ ამბავთან დაკავშირებული იდეა და შესაძლებლობა…”