უკანასკნელი კვირების განმავლობაში მსოფლიოში მთავარი თემა კორონავირუსის პანდემიაა, რომელიც ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე მსოფლიო ეკონომიკას. ამის პარალელურად, კორონავირუსმა შესაძლოა კიდევ ერთი, მასობრივი პრობლემა გამოიწვიოს – მენტალური ჯანმრთელობის მასიური დაზიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით Health Psychology-ს ფსიქოლოგები ესაუბრნენ. მათი თქმით, Covid-19-თან დაკავშირებული ცნობების უწყვეტ რეჟიმში მოსმენა ცუდად მოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე და მათ უფრო დიდ სტრესში აგდებს. ფსიქოლოგიაში ამ მოვლენას ,,კოლექტიური კრიზისი” ეწოდება. მაგალითისათვის მათ მოჰყავთ 11 სექტემბრის ტერაქტები, რომელთა შემდეგაც ფსიქოლოგებს პოსტ-ტრავმული სინდრომით არაერთმა ადამიანმა მიმართა. მათ არა მხოლოდ უდიდესი სტრესი მიიღეს ტერაქტების შესახებ უწყვეტ რეჟიმში ინფორმაციის მიღებით, არამედ მომავალი შესაძლო ტერაქტების შიშიც ჩამოუყალიბდათ. მსგავს მოვლენას ჰქონდა ადგილი ასევე ბოსტონის მარათონის ტერაქტის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ეკრანებს იყვნენ მიჯაჭვულნი და ყველა შესაძლო წყაროს ეცნობოდნენ იმ ადამიანებზე დიდი სტრესი მიიღეს, ვინც ტერაქტის დროს მარათონზე იმყოფებოდა. ზოგადად, კოლექტიურ ფსიქიკურ ტრავმებს იწვევს ბუნებრივი კატაკლიზმები (ცუნამი, მიწისძვრა) შემთხვევები, როდესაც სახეზეა მასობრივი ძალადობა(ტერაქტი, შეიარაღებული პირების თავდასხმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე) და ეპიდემია (მაგ: ებოლას ეპიდემია, 2014 წელს). აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით უწყვეტად იღებდა ინფორმაციას მედიის საშუალებით, ფსიქიკური და მენტალური ხასიათის პრობლემები შეექმანთ და სპეციალისტების დახმარება დასჭირდათ.
მიზეზად, რის გამოც ადამიანები პანდემიის დროს მუდმივად ცდილობენ ახალი ინფორმაციის მიღებას, ფსიქოლოგები იმედს ასახელებენ. ადამიანებს იმედი აქვთ, რომ მედია მათ ახალ რეკომენდაციებს მიაწვდის, ასწავლის როგორ დაიცვან თავი და ა.შ. თუმცა რეალურად, ამ ყველაფრით გამოწვეულმა სტრესმა შეიძლება ისევე გაავსოს კლინიკები პაციენტებით, როგორც ეს კორონავირუსმა გააკეთა. ამ ყველაფერს სხვა უარყოფითი მხარეც აქვს: ადამიანები პანიკაში ვარდებიან და პირველადი მოხმარების სხვადასხვა საგნებს პირდაპირ იტაცენებ დახლებიდან. სწორედ ამან გამოიწვია მთელ მსოფლიოში სამედიცინო პირბადეების დეფიციტი.
იმისათვის, რათა ზედმეტი სტრესი თავიდან ავიცილოთ, ფსიქოლოგები მედიას ურჩევენ გააშუქოს მთავარი ამბები მძიმე სურათების გარეშე, ჟურნალისტებმა იმუშაონ არა როგორც სენსაციაზე მონადირეებმა, არამედ როგორც ადამიანებმა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის კარგი იქნება, აირჩიონ ერთი ან ორი სანდო წყარო, საიდანაც ინფორმაციას მიიღებენ და საქმის კურსში იქნებიან მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, თუმცა უწყვეტად ინფორმაციის მოძიება არასასურველია.