ქართული საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური სახელმწიფო ავიაკომპანიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ Aero Georgia Group-მა სახელმწიფო ავიაკომპანიის გეგმა უკვე შეიმუშავა, რომელსაც მალე მთავრობის წევრებს გააცნობს. კომპანიის გეგმავს avianews.ge ავრცელებს.
„ჩემი საავიაციო სფეროში საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რიგი მიზეზების გამო, ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი სახელმწიფო ავიაკომპანიის შექმნის. ამავე დროს ბოლო დროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ეს აუცილებელი და საჭიროა განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენმა კომპანიამ Aero Georgia Group-მა შეიმუშავა ახალი სახელმწიფო ავიაკომპანიის შექმნის გეგმა.
ახალი სახელმწიფო ავიაკომპანია შეძლებს ოპერირებას შემდეგი სქემით:
1) ქვეყნისთვის ყველაზე მოთხოვნადი და პრიორიტეტული/სტრატეგიული რეისები.
2) ქვეყნის შიდა ფრენები (Domestic Aviation).
3) სამთავრობო რეისები (ე.წ. ლიტერები).
4) სახელმწიფო ჩარტერები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სპორტის და კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას.
5) საევაკუაციო და სპეცრეისები.
6) გადაუდებელი სამედიცინო ჩარტერები (Ambulance Flights).
7) საავიაციო ძებნა-შველის ფრენები (SAR Flights).
8) საჰაერო სამუშაოები – ხანძრების ჩაქრობა, ვენახის შეწამვლა…(Aerial Works).
ამისათვის, ავიაკომპანიის ავიაპარკში უნდა შედიოდეს, როგორც თვითმფრინავები, ასევე ვერტმფრენები.
ყველას კარგად გვესმის, რომ ბიუჯეტიდან დიდი ფინანსური სახსრებია ამისთვის საჭირო, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფო წლებია უკვე აფინანსებს ბიუჯეტიდან, როგორც უცხოურ ასევე ადგილობრივ ავიაკომპანიებს (საერთაშორისო და ასევე შიდა ფრენებზე), სხვადახვა დანიშნულების ჩარტერებს, ეს პროექტი სახელმწიფოს შეიძლება გაცილებით უფრო იაფიც კი დაუჯდეს გრძელ ვადიან პერსპექტივაში.
ასევე გახსოვთ, ალბათ, ის შემთხვევები როდესაც ხანძრების ჩასაქრობად საქართველოს რეესტრში მყოფი არც ერთი ვერტმფრენი არ იმყოფებოდა ადგილზე და მოგვიწია ორჯერ უფრო მეტი თანხის გადახდა თურქულ და აზერბაიჯანულ ვერტმფრენების ჩამოსაყვანად. იგივეს თქმა შეგვიძლია სხვადასხვა სპორტული/კულტურული თუ სამთავრობო ჩარტერებზეც”, – აცხადებს იგორ აფციაური.