LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოლარიდან ლარში 400–მდე სესხი გადაიტანეს – გალარების პროგრამის 2 კვირიანი შედეგი

120

სესხების გალარების პროგრამის დაწყებიდან 2 კვირის თავზე, დოლარიდან ეროვნულ ვალუტაში საბანკო ვალდებულებები მხოლოდ 400–მდე მსესხებელმა გადაიტანა. 

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს.

გვენეტაძის თქმით, პროგრამის მიმდინარეობისას გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა.

” ფილიალებში სესხის ისტორიის მიუხედავად, მსესხებელს შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი შესთავაზეს, ამავე დროს იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც კლიენტი კვალიფიცირდებოდა მსესხებლად, რომ შეძლებოდა გალარების პროგრამაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ბანკში მას უარი ეთქვა. ეს ტექნიკური საკითხები ნამდვილად მოსალოდნელი იყო ამ ეტაპზე და სწორედ ამიტომ გაიმართა შეხვედრა”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დაბალ აქტივობას და 2 კვირის განმავლობაში მხოლოდ 400–მდე სესხის გალარებას ბანკები იანვრის თვეს უკავშირებენ, რომელიც მათი თქმით, ზოგადად პასიურია.

ბანკების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დაბალი აქტივობის საპასუხოდ ისინი საინფორმაციო კამპანიას გაზრდიან. 

“ამ ეტაპზე მხოლოდ მესიჯები გავაგზავნეთ. ახლა დავიწყებთ უშუალოდ, ზარების განხორციელებას”, – განაცხადა “ვითიბი” ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ბანკების ასოციაციის თავმჯდომარის ზურაბ გვასალიას თქმით, პროგრამა ახალი დაწყებულია და ჯერჯერობით, საკმაოდ კარგი დენდენციები ფიქსირდება. მისი აზრით, მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხი პასიურობს მცდარია, რადგან სტატისტიკაზე საუბარი, გვასალიას განცხადებით, ნაადრევია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მოუწოდებს მსესხებლებს, აღნიშნულ პროგრამას სხვა კუთხით შეხედონ და გაიაზრონ, რომ სესხის დოლარიდან ლარში გადატანა მათ სავალუტო რისკებს მოაშორებთ.

ამავე დროს, მისი თქმით, მოსახლეობა არ უნდა დაკმაყოფილდეს ერთი ბანკის მიერ შეთავაზებული პირობებით – რადგან პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია სესხების პორტიტება, მომხმარებელმა იმ ბანკში უნდა გაალაროს საბანკო ვალდებულება, სადაც უკეთეს პირობებს შესთავაზებენ.

” იმ შემთხვევაში, თუ სესხი დოლარშია და შემოსავალი ლარში, სჯობს, რომ სავალუტო რისკზე დამოკიდებულება შემცირდეს. ბევრი ანალიზი კეთდება სხვადასხვა ექსპერტის მიერ სხვადასხვა გადაცემაში. სამწუხაროდ, ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რა თანხის გადახდა იქნება აუცილებელი ერთ და მეორე შემთხვევაში, მაგრამ რატომღაც მთავარი საკითხი, რომ ეს არის შესაძლებლობა სავალუტო რისკის შემცირებისა, იკარგება.

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მსესხებლებს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია სესხების სხვა ბანკებში გადატანა ე.წ. პორტირება და არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ იმით, რასაც მიიღებენ მხოლოდ ერთ ბანკში. აუცილებლად შეამოწმონ მეორე ან მესამე ბანკი, სადაც შესაძლოა უკეთესი პირობებიც კი შესთავაზონ”, – განაცხადა გვენეტაძემ შეხვედრის შემდეგ.

ამასთან დღეიდან, ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე განთავსდა კალკულატორი, რომელიც საშუალებას მისცემს მსესხებლებს, რომ გააკეთონ შედარება, თუ რა გადახდები იქნება სხვადასხვა შემთხვევაში.

კალკულატორის გარდა, მოქმედებს საზოგადოება და ბანკების ცხელი ხაზი, რომელიც უფასო სატელეფონო კონსულტაციას გაგიწევთ:

http://old.fortuna.ge/gavalaro-tu-ar-gavalaro-ufaso-piradi-bankiri-gadawyvetilebis-mighebashi-dagekhmarebat/

აქვე შეგიძლიათ ნახოთ, ვის შეუძლია სესხის ლარში გადატანა.