LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელს გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

86

თბილისში Carlson Rezidor Hotel Group-ის ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ჯენკინსი იმყოფება, რომელიც კომპანია „რედ-კოს“ წამომადგენლებთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ქეთევან ბოჭორიშვილს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს მთის კურორტების საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო ახალი გუდაურის განვითარებასაც.

ქეთევან ბოჭორიშვილმა კომპანიის წარმომადგენლებს ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის ინიცირებით გუდაურში განხორციელდა.

„Carlson Rezidor “-ის ჯგუფი საქართველოში აქტიურად არის წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდების მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ ის უკვე ახალ მიმართულებებს ირჩევს და აფართოებს ქსელს არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც.

კომპანიას უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული გუდაურში მართოს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო.  ეს კიდევ ერთხელ პირდაპირ მიუთითებს ჩვენს სტრატეგიაზე, რომელიც გულისხმობს ასევე ტურიზმის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ  საერთაშორისო ბრენდები, მათ შორის „რედისონი“ საქართველოს რეგიონებით ინტერესდებიან, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით ცნობადობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, გაუმჯობესდება სერვისების მიწოდება და ხარისხი და გაიზრდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა“ – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ სტუმრები გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად კურორტს,  ,,რედ-კოს“ მიერ უკვე აშენებულ და ოპერირებაში მყოფ აპარტოტელებსა და ახალი სასტუმროს „Radisson Blu Gudauri“-ს სამშენებლო ტერიტორიას დაათვალიერებენ. Carlson Rezidor Hotel Group და კომპანია „რედ-კო“  „Radisson Blu Gudauri“-ს გახსნას 2018 წელს გეგმავენ. როგორც „რედ-კოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, ეს იქნება პირველი ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო მთის კურორტზე არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები