დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 100 ქალი ფლობს. მათ შორის არიან: ქალი პილოტი – 5, ქალი ავიამეთვალყურე – 9 და ქალი ბორტგამყოლი – 86. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენის უსაფრთხოების 34 ინსპექტორს შორის 9 ქალია.
აღსანიშნავია, რომ ქალი ავიასპეციალისტების რიცხვი საქართველოში იზრდება. შარშან ამ დროს, ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 83 ქალი ფლობდა, აქედან 3 პილოტი და 69 ბორტგამყოლი, ხოლო 2018 წელს 62 (აქედან 1 პილოტი, 51 ბორტგამყოლი). გარდა აღნიშნული სპეციალობებისა/პოზიციებისა, სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ქალები დასაქმებულები არიან სხვა, არანაკლებ საპასუხისმგებლო მიმართულებებით, მენეჯერულ, ადმინისტრაციულ თუ დამხმარე პოზიციებზე. თუმცა, ისეთ ტექნიკურ დარგში, როგორიც ავიაციაა ქალების საერთო რაოდენობა, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში კვლავ ძალიან მცირეა.
ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ქალი პილოტების წილობრივი რაოდენობა მფრინავების საერთო რაოდენობის დაახლოებით 5%-ია. კიდევ უფრო ნაკლებია საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით დასაქმებული ქალების რაოდენობა. ყველაზე მეტი ქალი კი ბორტგამყოლად მუშაობს (დაახლოებით 79%).