ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე მიმართვას ავრცელებს.
გთავაზობთ მის სტატუსს:
“ყველას და განსაკუთრებით იმ კაცებს, ვისაც ქალები გიყვარვართ, იმიტომ რომ ჯანსაღად გიყვართ დედა, დები, გოგო შვილები და ამიტომ არ მიგაჩნივართ კუდიანებად ან აჯანყებულ მონებად, ვინც უნდა დაისაჯოს, არ გვიპირებთ დახოცვას, გვაძლევთ უფლებას, გამოვხატოთ სიცოცხლის მიმართ თანაბარი ინტერესი და ვიყოთ ადამიანები და არა პლასტმასის თოჯინები და იმ ქალებს, ვისაც გიყვართ სიცოცხლე იმდენად, რომ ჩრდილად ყოფნა არ გყოფნით და გაქვთ სურვილი შეისწავლოთ თქვენი თავიც და ყველაფერი სხვაც დედამიწაზე და მის მიღმაც, რაც ცნობისმოყვარეობას გიჩენთ, თქვენი ერთადერთი სიცოცხლე დააფასოთ ისეთივე ვნებით, თანაბარი ინტერესით და სიხარულით, როგორც ბავშვობაში საერთო თამაშს თამაშობდით ბიჭებთან ერთად, სანამ გეტყოდნენ, რომ სხეულის ფორმა რომ შეგეცვალათ, ამიერიდან დახურულია ბევრი კარი, როგორც არ უნდა გახარებდეთ და გაინტერესებდეთ შეჭყიტვა.
იმ ქალებს, ვისაც გჯერათ, რომ გვაქვს უფლება, საკუთარი სქესი არ მიგვაჩნდეს ნაკლებსრულყოფილად, გვაქვს მუშაობის, სიყვარულის და შეცდომების თანაბარი უფლებაც, აფასებთ ადამიანად ყოფნის თანაბარ პრივილეგიას, გილოცავთ ქალთა დღეს.”