LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზანი უცვლელია: ჯგუფი უნდა მოვიგოთ, ოღონდ ჯერ მარტზე ვიფიქროთ

100
3717888-PMR-4543 (1)

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. უეფას ღონისძიებაზე, სპეციალური მიწვევით იმყოფებოდნენ ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყნის ფედერაციის ხელმძღვანელები.

საქართველოდან ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ.

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში ასპარეზობის უფლება 2018-2019 წლების სეზონში D1 ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლით მოიპოვა. გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე ჩვენი გუნდი C ლიგის პირველ კალათაში მოხვდა. წილისყრის შედეგად კი, გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები 2020-2021 წლების სეზონში C2 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

 

საქართველოს მეტოქეები ერთა ლიგაზე ცნობილია: ეს გზა ყატარის მუნდიალისკენ მიდის

წილისყრის შედეგები საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეაფასეს:

ლევან კობიაშვილი:
„ერთა ლიგის შესახებ მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია ვისაუბრო. ახალმა გათამაშებამ სანაკრებო ფეხბურთი უფრო საინტერესო გახადა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ტურნირი სპორტული კუთხით არის საინტერესო. ის სხვადასხვა დივიზიონებში მოასპარეზე გუნდებს საშუალებას აძლევს, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოხვდნენ. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთა ლიგამ ჩაანაცვლა ამხანაგური მატჩები და ამის შედეგად თითოეულმა შეხვედრამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
საკმაოდ საინტერესო ჯგუფში მოვხვდით, კარგი მატჩები გველის. ჩვენი მიზანი უცვლელია და საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფში პირველობისთვის იბრძოლებს. ამ გზით კი, ჩვენ შევეცდებით, რომ იმ ორ საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ“.

ალექსანდრე იაშვილი:
„ჩვენი ნაკრებისთვის ერთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. ეს პირველმა გათამაშებამ ძალიან კარგად აჩვენა, რადგან ჩვენ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ და 26 მარტს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. აქედან გამომდინარე ერთა ლიგას ნამდვილად დადებითად შევაფასებ.
რაც შეეხება წილისყრას და ჩვენს ჯგუფს, რა თქმა უნდა, მიზანი უცვლელია და სურვილი გვაქვს, რომ წინა გათამაშების მსგავსად ჯგუფი ამჯერადაც მოვიგოთ“.

ვლადიმირ ვაისი:
„ეს ჯგუფი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ვკონცენტრირდეთ. ახალ ჯგუფში ყველას თანაბარი შანსები აქვს. ჩვენ ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, ასევე კარგად ვიცნობთ ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც იმედი მაქვს, რომ ფინალურ შეხვედრაში დავუპირისპირდებით. სომხეთი ასევე კარგი გუნდია. ამ დონეზე ადვილი მატჩები, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა მხოლოდ მარტზე უნდა ვკონცენტრირდეთ.“

 

2020-2021 წლების სეზონის ერთა ლიგის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები სექტემბრ-ნოემბერში გაიმართება. C ლიგის ჯგუფების პირველ ადგილზე გასული ნაკრებები B ლიგის საგზურს მიიღებენ, მეოთხე ადგილზე გასული კი, ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან და ამ გზით გაარკვევნ თუ ვინ გააგრძელებს მომავალ სეზონში C ლიგაში ასპარეზობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები