LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრენდული სასტუმროები, რომლებიც თბილისში წელს გაიხსნება

674

2017 წელს საქართველოში 1 749 განთავსების ობიექტი გაიხსნება, რაც 24 157 ნომერს და 56 606 საწოლ ადგილს გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია ”ფორტუნას” საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიაწოდა.

მათივე ცნობით, ამ რაოდენობის განთავსების ობიექტებში შედის როგორც ბრენდული სასტუმროები, ისე საოჯახო ტიპის, ასევე სხვა მცირე ზომის სასტუმროები – მოკლედ აბსოლუტურად ყველა სახის განთავსების ობიექტი.
რაც შეეხება ამ ობიექტების რეგიონების მიხედვით გადანაწილებას, თბილისში მომდევნო წელს 377 განთავსების ობიექტი გაიხსნება, 7017 ოთახით და 14 721 საწოლი ადგილით. ამ ობიექტებიდან რამდენიმე ბრენდული სასტუმროა, რომელთა ოფიციალური გახსნაც სწორედ მიმდინარე წელს იგეგმება.

მაგალითაც, 2017 წელს გაიხსნება დედაქალაქში Golden Tulip-ის საშუალო კლასის სასტუმრო, რომელიც არაგველის ქუჩაზე განთავსდება და მას კომპანია ”ბლოკ ინვესტი” აშენებს. სასტუმრო 80-ნომრიანი იქნება. ზოგადად კი, საქართველოში Golden Tulip-ის ბრენდის ქვეშ 5 სასტუმრო გაიხსნება.

2017 წელსაა დაგეგმილი „რედისონ ბლუ ტელეგრაფის” გახსნაც. 5-ვარსკვლავიან სასტუმროს „სილქ როუდ ჯგუფი“ აშენებს. 8 სართულიანი სასტუმრო 180-190 ნომრიანი იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 60 მილიონ დოლარამდეა. ის ყოფილი ფოსტის შენობაში განთავსდება.

მიმდინარე წელსვე გაიხსნება, რეკონსტრუქციის მიზნით დროებით დახურული ”შერატონ მეტეხი პალასი”.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 2016 წლის ბოლომდე უნდა გახსნილიყო, თუმცა სარეკონსტრუქციო სამუშაობი გახანგრძლივდა. როგორც ”ფორტუნას” სასტუმროს მფლობელ კომპანია ”რაკიაში” განუცხადეს, რეაბილიტირებული ”შერატონი” 2017 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

მათივე ცნობით, რეკონსტრუქციის შემდეგ, სასტუმროში სრულიად განახლებული ინტერიერი და ექსტერიერი, ახალი რესტორნები და ტერასა ბარი, განახლებული და გადიდებული აუზი და სავარჯიშო დარბაზი იქნება. აქვე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი წვეულებათა დარბაზი. ამასთან, რენოვაციის შემდეგ, სასტუმროში 220 ფეშენებელური საკლუბო და ლუქსისტიპის ნომერი მოეწყობა.

სასტუმროში 43 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

2017 წელს გაიხსნება ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე ფრანგული ბრენდის ”პულმანის” სასტუმროც, რომელიც ხუთვარსკვლავიანი იქნება. სასტუმროს ოპერირებას Accor ჯგუფში შემავალი მაღალი კლასის ფრანგული საერთაშორისო ბრენდი „პულმანი“ გაუწევს. „პულმანი“ ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე ტყუპი ცათამბჯენის „აქსის თაუერსის“ შუშის კოშკში განთავსდება. სასტუმრო ბიზნეს-ვიზიტორებზე იქნება გათვლილი და ის ჭავჭავაძის გამზირს სრულიად ახალ, ტურისტულ ფუნქციას შესძენს. სასტუმროს 234 ნომერი ექნება.

170 ნომრიანი იქნება „ჰაიატ რეგენსი“ – კიდევ ერთი სასტუმრო, რომელიც დედაქალაქში 2017 წელს გაიხსნება. სასტუმრო რუსთაველის გამზირზე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში მოეწყობა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 65 მილიონ დოლარს შეადგენს.

კიდევ ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელთა გახსნასაც მათი მშენებელი კომპანიები მიმდინარე წელს ფიქრობენ, ”რიქსოს თბილისი” და „ინტერკონტინენტალ თბილისია“. სასტუმრო „რიქსოსი“ გუდიაშვილის ქუჩაზე შენდება. 143-ნომრიან სასტუმროში “სქაი ბარი”, საპრეზიდენტო ნომერი, 4 საკონფერენციო დარბაზი და 2 რესტორანი განთავსდება. მეორე სასტუმრო კი – მერაბ კოსტავას 14-ში შენდება. „ინტერკონტინენტალ თბილისს” ექნება 205 ნომერი და მასში 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები