საქართველოში, ბოლო 6 დღის განმავლობაში, კორონავირუსის გამო, სასტუმროებს ჯავშნების 90%-მდე გაუუქმდათ. როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა თბილისშია.
„ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენ მივიღეთ. ბოლო 6 დღის განმავლობაში მარტი – აპრილის თვეების ჯავშნების 80-90% გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ ინდუსტრია თითქმის გაბანკროტების ზღვარზეა. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავისი ბრალი არაა, უბრალოდ ახლა სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოვიფიქროთ, რომ მინიმუმ თანამშრომლების გათავისუფლება არ დაგვჭირდეს“, – აღნიშნავს ალავერდაშვილი და დასძენს, რომ გარდა თანამშრომლების შესაძლო შემცირების საკითხისა, პრობლემაა ბანკებთან ურთიერთობა და შექმნილი ვითარების ფონზე სესხების დაფარვა, ასევე ქონების გადასახადის გადახდა. სწორედ ამიტომ, შალვა ალავერდაშვილი დღეს, დღის მეორე ნახევარში “საქართველოს ბანკების ასოციაციას” შეხვდება.