საქართველოში ინოვაციური, ხის პირველი ჭკვიანი ბეჭედის წარმოება დაიწყეს. აქსესუარი მრავალფუნქციურია და ერთდროულად საფულისა და პირადი სამედიცინო ინფორმაციის შემნახავის ფუნქციას ასრულებს. ჭკვიანი ბეჭდის სტარტაპის იდეა თავისუფალი უნივერსიტეტის 4 სტუდენტს ეკუთვნის.
როგორც ”ფორტუნას” ჭკვიანი ბეჭდის მწარმოებელი კომპანია Cnick-ის ოპერაციების დირექტორმა გიორგი მიქაცაძემ განუცხადა, ბეჭედი მასიურ გაყიდვაში 2017 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ჩაეშვება.
”სატესტო რეჟიმში 50 ბეჭედი უკვე დავამზადეთ და ვნახეთ, რომ მუშაობს. დღეს სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში” ჩვენი ბეჭდების გამოფენა-გაყიდვა იმართება. ინოვაციური ბეჭდის ღირებულება ამ ეტაპზე 79 ლარია. სამომავლოდ კი ფასი გაიზრდება. აღნიშნული აქსესუარი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ხელის ერთი მოძრაობით გადაიხადოს ტერმინალებზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და ამავდროულად, შეინახოს პირველადი სამედიცინო ინფორმაცია (სისხლის ჯგუფი, გადატანილი დაავადებები, ალერგიულობა). ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი საშუალებით „Cnick“-ს მომხმარებლის სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლია. ამასთან, „Cnick“ აბონემენტების, ორგანიზაციის საშვებისა და ლოიალობის ბარათების ფუნქციასაც ითავსებს”, – განაცხადა მიქაცაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი შპს Cnick-მა „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში განახორციელა. პროექტმა მაღალტექნოლოგიურ კონკურსში გაიმარჯვა და 100 000 ლარის დაფინანსება მიიღო.
როგორც Cnick-ის ოპერაციების დირექტორმა აღნიშნა, პროექტის მთავარი უპირატესობა მასშტაბურობა და ინოვაციურობაა. მისი საშუალებით, მომხმარებელს შეეძლება დაზოგოს საკუთარი დრო და ენერგია, რაც ყოველდღიურობას საგრძნობლად ამარტივებს. რაც შეეხება პროდუქტის რეალიზებას, გიორგი მიქაცაძის თქმით, ბეჭედი თავდაპირველად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, სამომავლოდ კი მისი საერთაშორისო ბაზარზე გატანაც იგეგმება.