LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრეტის კრების დადგენილებები ვერ იქნება სავალდებულო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის

90

კრეტის კრების დადგენილებები ვერ იქნება სავალდებულო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რადგანაც კრეტის კრების მუშაობაში არ მონაწილეობდა ოთხი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, ამიტომაც მას არ შეიძლება ეწოდოს საყოველთაო, ყოვლადმართლმადიდებლური (პანორთოდოქსული) კრება. გარდა ამისა, საპატრიარქოს ინფორმაციით, კრეტის კრების მომზადებისა და ჩატარების დროს დაირღვა მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ დადგენილი და აღიარებული მთავარი პრინციპი კონსენსუსისა, რაც გულისხმობდა განსახილველ საკითხთა შესახებ ყველას თანხმობასა და გადაწყვეტილების ერთსულოვნად მიღებას.
“22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წმიდა სინოდმა დაადგინა: კრეტის კრების მიერ დამტკიცებულ დოკუმენტებში არსებითად არ აისახა ეკლესიათა მიერ წარმოდგენილი საფუძვლიანი შენიშვნები. ამიტომაც აუცილებელია მათი შემდგომი გადამუშავება და გასწორება. არაა გამორიცხული ზოგიერთ შემთხვევაში ახალი დოკუმენტის შექმნაც. ამისთვის კი საჭიროა, კრეტის კრების სამდივნოს მიერ გამოგზავნილი და თარგმნილი ტექსტები ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ეკლესიის სასულიერო დასის, ღვთისმეტყველთა და მორწმუნე ერისათვის და მათი საფუძვლიანი შენიშვნების გათვალისწინებით, დოკუმენტებს მიეცეს მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური და კანონიკური სწავლების შესაბამისი სახე.  ა.წ. 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე გამართული კრება შეიძლება ჩაითვალოს უმნიშვნელოვანეს ეტაპად მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი და წმიდა პანორთოდოქსული კრების ჩასატარებლად, რომელმაც აღნიშნულ მომავალ კრებაზე ხელი უნდა შეუწყოს ყველა საკითხის გატანას და გადაწყვეტილებების მიღებას საერთო მართლმადიდებლური ერთობითა და ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მაცხოვნებელ სწავლებაზე დაყრდნობით. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა დაადგინა, რომ
შეიქმნას საღვთისმეტყველო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) თავმჯდომარე;
ბ) ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი);
გ) სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
დ) რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი);
ე) მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე);
ვ) პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე)” – წერია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები