საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა. უწყების ინფორმაციით, კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების ფუნქციონირების შეფერხებასა და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.
„2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებითა და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას”, – განაცხადეს საგარეო უწყებაში.
„პროსერვისი“ – მასშტაბური კიბერშეტევის მოგერიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს
აქვე განმარტავენ, რომ კიბერშეტევა დაიგეგმა რუსეთის გენშტაბში, რაც განხორციელდა კიდეც. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო გმობს აღნიშნულ ქმედებას და მიიჩნევენ, რომ ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა.
“ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ”, – აღნიშნეს ბრიფინგზე.
საგარეო უწყების ცნობით, საქართველო მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაბამისი რისკები.
https://www.facebook.com/mfageorgia/videos/3112232138796489/?__tn__=%2Cd%2CP-R&eid=ARAvjloncL2jLHhf2adUpwueoN1lsc-pTSLNyjzX_B8WOfMwIvTXlDtCopkxGCBHZuegX3BWxZ6XEuwU
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და მოუწოდა რუსეთს დაუყონებლივ შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები. პომპეომ ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა.
„ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვგმობთ ქართველი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას”, – წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.