LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არომატით“ აშშ-სა და კორეაში დაინტერესდნენ – ახალი ქართული ბრენდი ექსპორტისთვის ემზადება

514
72845029-114899296600206-2523359957177335808-o

ქართული ნატურალური პროდუქტების მწარმოებელი ახალი ბრენდით, სახელწოდებით „არომატი“ – ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკვე დაინტერესდნენ. „არომატის“ მიერ წარმოებული კომპოტები, ჯემები, მურაბები, საწებლები, შესაძლოა, მალე ექსპორტზე აშშ-სა და სამხრეთ კორეის ბაზარზე გავიდეს.

როგორც „ფორტუნას“ კომპანიის დამფუძნებელმა ნატა მიმინოშვილმა განუცხადა, ამერიკულ და კორეულ მხარესთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.

„ჩვენი პროდუქციით უცხოელები საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე, სამხრეთ კორეაში დაინტერესდნენ და ექსპორტზე მოლაპარაკებები სწორედ ამ გამოფენის შემდეგ დავიწყეთ. ამ ეტაპზე იგეგმება „არომატის“ წარმოებული ნატურალური პროდუქციის გატანა აშშ-სა და კორეის ბაზრებზე… სამომავლოდ, ბუნებრივია საექსპორტო არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება“, – ამბობს მიმინოშვილი.

მისივე ინფორმაციით, „არომატი“ საოჯახო ბიზნესს წარმოადგენს, რომელიც პროდუქციას კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტეის სოფელ ჩუმლაყში აწარმოებს.

„ჩვენი პროდუქცია ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან გამოირჩევა იმით, რომ არის 100 პროცენტით ნატურალური. წარმოებისას ვიყენებთ მხოლოდ ქართულ ხილს. აქედან გამომდინარე, „არომატი“ არ შეიცავს არანაირ დანამატებს და სწორედ ეს გამოგვარჩევს ბაზარზე“, – ამბობს ახალი ქართული ბრენდის დამფუძნებელი.

როგორც ნატა მიმინოშვილი ამბობს, ამ ეტაპზე „არომატის“ ბრენდის ქვეშ 40 სახეობის პროდუქტი იწარმოება, რომელთა რეალიზაციაც ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში ხორციელდება, უახლოეს პერიოდში კი იგეგმება სრულიად საქართველოს მასშტაბით გამოჩენა, საწყის ეტაპზე: რუსთავში, მცხეთასა და ქუთაისში.

ამასთან, „არომატი“ საკუთარი საწარმოს გახსნასაც გეგმავს, სადაც წარმოება კიდევ უფრო გაფართოვდება, პროდუქციაც გამრავალფეროვნდება და საექპორტო ქვეყნების სიაც გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები