LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი კვლავ მნიშვნელოვნად გაუფასურდა

148

ლარის კურსი დოლარისა და ევროს მიმართ კვლავ დაეცა. ლარის გაუფასურება გაგრძელდა იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.7831 ლარი გახდა, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით 0.0419 პუნქტით გაუფასურებული მაჩვენებელია.

ევროს ფასი კი ხვალიდან 2.8902 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით 0.0287 პუნქტით შეცვლილი მაჩვენებელია.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით, დღეს სებ–მა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაცვლითი კურსის ბოლო პერიოდის გაუფასურების მიზეზები ფუნდამენტური ფაქტორების (დოლარის გლობალური გამყარება, თურქული ლირას გაუფასურება) და მოლოდინების ერთობლიობაა.

ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად ფუნდამენტური ფაქტორებისა, მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს.

გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შესარბილებლად, მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოიყენებს, ისე, რომ ლარის კურსი ფუნდამენტურ ფაქტორებთან შესაბამისობაში დარჩეს.

„საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის რისკების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო შესაძლებლობა და ინსტრუმენტები, რომ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია. თავის მხრივ, ზომიერი ინფლაცია  გაცვლითი კურსის გრძელვადიან სტაბილურობას და ეკონომიკის მდგრად ზრდას განაპირობებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.