კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ბიძინა ივანიშვილს – გავლენიანი გამოცემა „ბლუმბერგი“ „ქართულმა ოცნების“ მიერ, ამერიკაში ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავებას ვრცელ სტატიას უძღვნის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს „ჩრდილოვან ბოსად“ მოიხსენიებს.
“ბლუმბერგზე” გამოქვეყნებული სტატის ავტორი, ელი ლეიქი წერს, რომ საქართველო ბოლო დროს ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა, ახალი ლობისტური კომპანიის მეშვეობით კი ოლიგარქს სურს საკუთარი პარტია აშშ-ში დემოკრატიულ და პრაგმატულ პარტნიორად წარმოაჩინოს.
ამასთან, როგორც გავლენიანი გამოცემის სტატიის ავტორი აღნიშნავს, ივანიშვილს ბევრი ფულის დახარჯვა ვერაფერს უშველის, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს გადადგმულმა ნაბიჯებმა პარტნიორების თვალში ოლიგარქისა და მის პარტიის იმიჯი უკვე საგრძნობლად შეარყია.
“ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი საქართველოს რეგრესისთვის, რომელიც რეპრესიებში გადაიზარდა. ქვეყანამ გამოიცვალა რამდენიმე პრემიერი, რომლებიც ეფექტურად ახდენენ კონტროლის განმტკიცებას და ოპოზიციის წევრების დაშინებასა და დაპატიმრებას“ – წერს ავტორი და ამის მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, უზენაესი სასამართლოს მიერ ქვეყნის ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენს ასახელებს.
დიდი ბრიტანეთის საელჩო: გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს
ელი ლეიქი მიუთითებს, რომ ოპოზიციონერი ლიდერისთვის პატიმრობის მისჯა იმ დანაშაულზე, რომლისთვისაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს სასჯელი, ივანიშვილის პოლიტიკური მოტივების შედეგია.
დიალოგი რისკის ქვეშ: აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია
მარგველაშვილი: “უგულავა, რა თქმა უნდა, პოლიტმატიმარია”
სტატის ავტორი ასევე, აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც “ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლით შეშფოთებულმა კონგრესმენებმა მის მიერ ხელდასმულ პრემიერმინისტრს” რამდენიმე კრიტიკული წერილი გაუგზავნეს.
შტატებში სანქციების შესახებ მოწოდებები გახშირდა – მორიგი კრიტიკული წერილი და გაფრთხილება გახარიას
ამასთან, ელი ლეიკი წერს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები, დასავლეთის მწვავე კრიტიკის შესაჩერებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი მეორის მიყოლებით ჩადიან.
ძალიან ნაყოფიერი იყო - კალაძე და კობახიძე სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდნენ
რა პასუხი აქვს ევროპარლამენტარების კრიტიკის მორიგ ტალღაზე "ქართულ ოცნებას"?
“ლობისტ ქოულმენს რთული საქმე აქვს. ამერიკა სტრატეგიული მიზნების გამო ბევრის მომთმენია, მაგრამ საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაშინგტონთან დაემყარებინა უფრო ახლო ურთიერთობა კანონის უზენაესობის დაცვითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ქოულმანის ახალი კლიენტი, სამწუხაროდ, სულ სხვა მხარეს არის. ამ ფაქტს ვერანაირი ფული ვერ შეცვლის”, – წერს გამოცემა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის შესახებ გამოქვეყნებულ კრიტიკულ მოსაზრებას უკვე მოჰყვა შეფასებები მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ “ბლუმბერგმა” ბიძინა ივანიშვილზე შეკვეთილი სტატია გამოაქვეყნა.
“Bloomberg-ის სტატია, რომელზეც თქვენ მეკითხებით, მაღალი ალბათობით, სავარაუდოდ, არის დასპონსორებული სტატია. ეს იქიდანაც ჩანს, რომ Bloomberg-ს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მლრდ-ზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის განათლებაში, კულტურის განვითარებისთვის… დღეს აქვეყნებს მასალას, რომ თითქოს 77 მილიონს ხარჯავს.
ისინი [ოპოზიცია] ცდილობენ, საზღვარგარეთ, მათ შორის, საერთაშორისო პრესის და გაზეთების გამოყენებით გააჟღერონ თავისი პოზიციები და სცადონ, ამით მაინც, კომპენსაცია გაუკეთონ იმ დაბალ მხარდაჭერას, რომელიც ქვეყანაში აქვთ”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით კი, “ქართული ოცნების” მიერ ლობისტური კომპანიების დაქირავებას მხოლოდ დადებითი შეფასება შეიძლება ჰქონდეს. ნათია თურნავას მტკიცებით, ამ გზით დასავლეთი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მხოლოდ ჭეშმარიტებას გაიგებს.
შეგახსენებთ, 12 თებერვალს, “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთ ამერიკულ ლობისტურ კომპანია DCI Group-თან გააფორმა კონტრაქტი.
ამერიკულ ლობისტურ კომპანიას ევალება, “ქართული ოცნების” რეკლამირება როგორც დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის სანდო და პრაგმატული პარტნიორის, რომელიც დასავლური ლიბერალური ღირებულებების განსაკუთრებული პარტნიორობის ერთგულია.