LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი იწყება

236

2017 წელს პროექტის „ახალი ტფილისი“ მეორე ეტაპი დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, აღმაშენებლის გამზირის შემდეგ პროექტი ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას მოიცავს.

„მიუხედავად შემცირებული ასიგნებებისა, ჩვენ წლის დასაწყისში ველოდებით დამატებით თანხებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით დაახლოებით 15 მლნ ლარს, რაც დაემატება ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროგრამასა და „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპის წარმატებით განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, ამასთან, პროექტის ფარგლებში გაგრძელდება ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია – პუშკინის #19 და ყავლაშვილის #5-7 შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 7 ყველაზე გამორჩეული სადარბაზოს რეაბილიტაცია, აღმაშენებელზე ისტორიული ბაღების რეაბილიტაცია და ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე ნარიყალას ციხე-სიმაგრის მასშტაბური რესტავრაცია.

„ყველას მოგეხსენებათ, რომ „ახალი ტფილისი“ გახლავთ ძალიან დიდი და მრავალმხრივი მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის, რომელიც თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მიმდინარე წელს დაიწყო და პირველი ეტაპი უკვე წარმატებით დასრულებულია! შესაბამისად, ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და პროექტის მეორე ეტაპი, სწორედ, 2017 წელს განხორციელდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერი დავით ნარმანია ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტით საკრებულოს წინაშე დღეს წარსდგა. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 302,0 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 1 031,5 ათასი ლარით. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა  მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება, ასევე, ქალაქის ისტორიული ნაწილი რეაბილიტაცია.