LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

110

პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 102 ხმით 10-ის წინააღმდეგ, მიიღო.

მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით, მშპ-ს რეალური ზრდის და მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 6%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი – 3.0%-ის ფარგლებში.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 11 415.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის: – საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 338.3 მლნ ლარს, გრანტები – 154.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები – 922.7 მლნ ლარს. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 457,2 მლნ ლარით, არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა 90.0 მლნ ლარით, ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა კი 1 792.7 მლნ. ლარის ოდენობითაა განსაზღვრული.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 121.2 მლნ ლარს შეადგენს.
ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს გამოეყოფა.

მანამდე კი დეპუტატებს მომავალი წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაჩვენებლები ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო. მან მთავრობის ახალ ოთხპუნქტიან ეკონომიკურ გეგმაზე და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაცია წარმოადგინა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტი ორიენტირებულია შეუქცევად წინსვლასა და განვითარებაზე.

„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ის გამოწვევები, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და განვაგრძოთ წინსვლა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთავრობის უმთავრესი ფუნქციაა პირობების შექმნა განვითარებისათვის და შესაძლებლობების მიცემა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. სწორედ ამიტომ, წარმოდგენილი ბიუჯეტი ორიენტირებულია შეუქცევად წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენ, ყველას ერთად, როგორც არასდროს, გვჯერა საქართველოს და მისი თითოეული მოქალაქის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის მოსაზრებით, ქვეყნაში ჯანსაღი ეკონომიკური პროცესები ვითარდება და ამ  მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.

მისი ინფორმაციით, 2017 წლის ბიუჯეტში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით დამატებით 6.0 მლნ ლარია გათვალისწინებული.

მინისტრმა ექსპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებებად ასევე დაასახელა ექსპორტზე ორიენტირებულ სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ინდუსტრიული კლასტერების შექმნა და ხელსაყრელი სავაჭრო პოლიტიკის წარმოება, რომელიც მისი თქმით, ხელს უწყობს არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრას, ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ფინანსთა მინისტრმა იმ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება,  რომელთაც მთავრობა სამომავლოდ საქართველოში ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით გაატარებს. მისი თქმით, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატება გარკვეული კომპონენტები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მნიშვნელოვანი მშენებლობები იგეგმება რიკოთის უღელტეხილზე, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე, ბათუმის შემოვლით გზასა და წითელი ხიდი-რუსთავის მონაკვეთზე.

დევდორაკის გვირაბის მშენებლობისთვის 2017 წლის ბიუჯეტში 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, დევდორაკის ხეობაში ყოველწლიურად ჩამოწოლილი მასა, დღიურად თითქმის მილიონ ლარამდე დანაკარგს იწვევს.

ბიუჯეტის პროექტით, 2017 წელს, თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები საქართველოს ოთხ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში აშენდება.

აქვე გათვალისწინებულია მოსახლეობის გაზიფიცირება, ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება, სამელიორაციო სისტემების მშენებლობა.

ფინანსთა მინისტრმა 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებულ კონკრეტულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

„4-პუნქტიანი გეგმით მთავრობა განახორციელებს: ეკონომიკურ რეფორმას, რომელიც ორიენტირებული იქნება კერძო სექტორის მაქსიმალურ წახალისებასა და მის გაძლიერებაზე; განათლების რეფორმას, რაც უზრუნველყოფს ადამიანური კაპიტალის განვითარებას და მის მაქსიმალურ, ეფექტიან ჩართვას ქვეყნის განვითარებაში; სივრცითი მოწყობის გეგმას, რომლის ფარგლებში მომზადდება განაშენიანების რეგულირების გეგმები. სწორი სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა. მთელი საქართველოს მასშტაბით დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი. საავტომობილო გზების ქსელი გახდება მიმზიდველი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას; აგრეთვე საჯარო მმართველობის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სერვისების პოლიტიკის შემუშავებასა და მომსახურების ხარისხის დახვეწას, ასევე, უწყებების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.