LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკიდურესად გაჭირვებულები სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზიდან “ქრებიან” – სად მიდიან სოციალურად დაუცველები

347
სოც დაუცველი

ნინოს, რომელიც მარტოხელა დედაა, სოციალური დახმარება თვეში 130 ლარი აქვს. ეს ფული თვიდან თვემდე საკვებზეც არ ჰყოფნის, ამიტომ ახლოს მდებარე მაღაზიიდან პროდუქტის ვალად აღება უწევს. მომდევნო თვის სოციალური დახმარება კი ამ ვალების დაფარვასაც ძლივს ჰყოფნის. ის არც ფიზიკურ მუშაობაზე ამბობს უარს, თუმცა სოფელში ასეთი სამუშაოები, ძირითადად, ზაფხულშია ხოლმე.

ქსანში მცხოვრები ლიაც მარტოხელა დედაა, რომელსაც ორი შვილი ჰყავს. ის ჰყება, რომ ქმარმა ნერვიულობის გამო, თავი ჩამოიხრჩო და ახლა მხოლოდ სოციალური დახმარებების იმედზეა. მას ადგილობრივი გამგეობა, როგორც თავად ამბობს, შეძლებისდაგვარად ეხმარება, თუმცა ბავშვების გამო თავად ვერანაირ ფიზიკურ მუშაობას ვერ ახერხებს.

რადიო „ფორტუნამ“ ბოლო ერთი წლის სტატისტიკას გადახედა, რამდენი ოჯახია, ვინც სოციალურ შემწეობას იღებს და ერთი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა, თვიდან თვემდე სოციალურად დაუცველების რაოდენობა იკლებს. ყოველ შემთხვევაში, ციფრები ამას აჩვენებს.

2019 წლის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მაისიდან კლება ფიქსირდება. თუ გასული წლის მაისში სოციალურ შემწეობას 135 700 ოჯახი ანუ 476 283 ადამიანი იღებდა, ივნისში ეს რაოდენობა 131 719 ოჯახამდე ანუ 457 697 ადამიანამდე შემცირდა.

ივლისი – 127 547 ოჯახი – 445 591 ადამიანი

აგვისტო – 123 319 ოჯახი – 433 522 ადამიანი

სექტემბერი – 121 237 ოჯახი -428 608 ადამიანი

ოქტომბერი -118 668 ოჯახი -422 970 ადამიანი

ნოემბერი – 116 111 ოჯახი –  416 396 ადამიანი

დეკემბერი  – 119 582 ოჯახი – 427 370 ადამიანი.

ჯანდაცვის მინისტრი: სოციალური აგენტები კამერებით აღიჭურვებიან

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამით ოჯახების შეფასების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.

 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, სად წავიდა ხალხი, რომლებიც სულ რაღაც ერთი თვის წინ მიმღებთა სიაში იყვნენ, ერთ თვეში სამსახური იშოვეს, ქვეყანა დატოვეს თუ რატომ ამოიღეს სიიდან? ამის გასარკვევად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურს ვესაუბრეთ.

როგორც მინისტრის მოადგილემ გვითხრა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ადამიანი მისი შემოსავლების მიხედვით ხვდება.

„ვუყურებთ ოჯახის შემოსავლებს, შემოსავლების სამსახურის ბაზაში რა ინფორმაციაც არის, იმის მიხედვით ხდება განსაზღვრა. ბენეფიციარი რასაც გვეუბნება დეკლარაციის შევსების დროს, იმ ინფორმაციას ვწერთ. ვუყურებთ კომუნალურ გადასახადებსაც. ჩვენ ვერ ვუყურებთ მათ საბანკო ანგარიშებს, იურიდიული უფლება არ გვაქვს. ასევე ვითვალისწინებთ საცხოვრებელი სახლის ფართს, თუ აქვს რაიმე მიწა ან უძრავი ქონება რეგისტრირებული, ჰყავს თუ არა ტრანსპორტი“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე. მისი თქმით, 2015 წლამდე ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას სოციალური აგენტი აფასებდა. ამის შემდეგ კი, როგორც წოწკოლაური ამბობს, მეტი ობიექტურობისთვის, სიტუაცია შეიცვალა.

რადიო „ფორტუნას“ შეკითხვაზე, სად მიდის ხალხი, რომელთა რაოდენობა მაგ. გასული წლის თვეებს თუ ავიღებთ, თვიდან თვემდე მცირდებოდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა:

„ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემოწმება. ეს ნიშნავს, რომ ბენეფიციარების გარკვეული რაოდენობა, ვინც იმ დროს შემოწმებას და გადაფასებას გადის, მიმღებთა სიაში აღარ არის, თუმცა რჩება ბაზაში”. გიორგი წოწკოლაურის თქმით, გადაფასების დროს ამ პირებს შემწეობა შეჩერებული აქვთ და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი ხშირ შემთხვევაში მიმღებთა ბაზაში ისევ ბრუნდებიან.

ბორში ყველაფრის გარეშე - გამგეობაში უარყოფენ, რომ უფასო სასადილოში მსგავს საკვებს გასცემენ

კომბოსტო გაძვირდა და მადლობა თქვან, რომ საერთოდ რამეს აჭმევენ.

„ბენეფიციარების ნაკლებობა იმიტომ იყო, რომ გადასაფასებელია ბევრი ოჯახი. ზოგი ახალი მიმღებია, ზოგმა დემოგრაფიული ცვლილება განიცადა. დღევანდელი მონაცემებით, ივლის-აგვისტოში 15-16 ათასი ოჯახი იყო გადასაფასებელი. მთალიანი ბაზა შეიცავს 950 ათასამდე ადამიანს. დღესაც იგივეა, უბრალოდ შემწეობის მიმღები იყო 467 ათასი, დღეს 44 000-ია, დანარჩენი გადამოწმების ეტაპზეა ანუ შემწეობა შეჩერებული აქვთ“, – აცხადებს წოწკოლაური.

ალბათ, ყველას გაგვიგონია, რომ თუ პირი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია და მას ერთხელ მაინც ვინმე ერთჯერად დახმარებას გაუწევს, მაგ. ბანკით გარკვეულ თანხას გადაურიცხავს, ბაზიდან ამოიღებენ. ასეთი არაერთი შემთხვევის შესახებ ბევრჯერ გვექნება მოსმენილი. რამდენად რეალურია, ერთი საბანკო ჩარიცხვის გამო, სოციალურად დაუცველის ბაზიდან ამოღება, ამ საკითხის გარკვევაც ვცადეთ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურა და განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბანკში ერთჯერადად თანხის ჩარიცხვის გამო, ბაზიდან არავის ამოვიღებთ. ჩვენ ვუყურებთ მხოლოდ შემოსავლების სამსახურში დაფიქსირებულ ინფორმაციას. თუ საშემოსავლო გადასახადს იხდიან, ეს უკვე ჩანს. ერთადერთი ფაქტი, რაც მქონდა, ასეთი იყო – სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებული პირი სასამართლოზე ნაფიც მსაჯულად მიიწვიეს და მას ამისთვის გარკვეული თანხა გადაუხადეს. აღმოჩნდა, რომ ის იბეგრებოდა. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები