დონალდ ტრამპის ქალიშვილთან ყავის მირთმევა 50 000 დოლარი ღირს. ივანკა ტრამპი საქველმოქმედო აუქციონის ერთ-ერთი ლოტი გახდა. პაემანი 2017 წლისთვისაა დაგეგმილი, ზუსტი თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია, რადგან ქალბატონს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. რაც შეეხება შეხვედრის ადგილს, ეს ტრამპ თაუერი ან ვაშინგტონში მდებარე ტრამპის სასტუმრო იქნება. აუქციონის მაქსიმალური თანხა 50 000 დოლარია და თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ შეხვედრა მხოლოდ 30-40 წუთი გაგრძელდება, ეს ყავა მართლაც არაჩვეულებრივი უნდა იყოს. საინტერესოა, რომ ოთახში გარდა წყვილისა, ასევე დაცვის რამდენიმე წევრიც იქნება. ლოტის მფლობელს უფლებას მისცემენ, რომ ივანკასთან ფოტო გადაიღოს, თუმცა მისგან ავტოგრაფის აღებას ვერ შეძლებს. ამ მომენტისთვის შეთავაზებული თანხა 18,500 დოლარამდეა ასული, თუმცა ეს ყველაფერი არ არის და აუქციონის დასრულებამდე კიდევ 11 დღეა დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ მსგავსს ივენთში მონაწილეობა არაერთ ცნობილ მსახიობსა თუ მუსიკოსს მიუღია. ივანკასთან შეხვედრაში გადახდილი თანხა კი მთლიანად ბავშვთა საავადმყოფოს გადაერიცხება.