2016 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47,2% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით).
მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა – 12,1%-იანი წილით.
შემდეგ მოდის მშენებლობა – 10,2%-იანი წილით და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 9,4%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 21,2% სხვა დარგებზე ნაწილდება.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, 2016 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (21,2%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა მშენებლობა (20,5%) და ვაჭრობა (16,9%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 12,8%-იანი წილით, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – 8,3%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 20,3 პროცენტიანი წილი უჭირავს.
როგორც საქსტატში განმარტეს, 2016 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით), დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,7%, 14,1% და 10,5%-იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების (10,4%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (10,1%), აგრეთვე უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის დარგის საწარმოებზეც (9,8%).
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 71.1%; აჭარის ა/რ – 8.0%; ქვემო ქართლი – 5.2%; იმერეთი – 4.7%; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.1%.
რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
თბილისი – 66.8%; აჭარის ა/რ – 9.0%; ქვემო ქართლი – 6.3%; იმერეთი – 4.6%; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8%.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 64.8%, აჭარის ა.რ. – 9.5%, იმერეთი – 7.0%, ქვემო ქართლი – 5.6%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6%.