პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს სირილ მიულერს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობის არსებული და მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა და 2017 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ შესრულებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ამასთან, რეფორმების 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და დასახული შედეგების მიღწევის მიზნით მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.
„შეხვედრაზე ითქვა, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების დაჩქარების და კერძო ინვესტიციების წახალისებისათვის საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მოგების გადასახადის რეფორმის სახით, რაც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ამავე დროს, აღინიშნა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდება. კერძოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება (დაახლოებით 800 კმ გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხიდები, გვირაბები, აეროპორტები, საკურორტო ზონების მოწყობა-განვითარება და ა.შ.), რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამასთან, აღნიშნული რეფორმების განსახორციელებლად, ქვეყნის ფისკალური სტაბილურობის და სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ბიუჯეტში დამატებითი რესურსების მოძიება“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, აგრეთვე მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების განხორციელების მიმართულებით.