აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი ჯინა შაჰინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილს უგზავნიან.
29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო, რომელიც, მათი თქმით, მიანიშნებს, რომ ქვეყანა „უარს ამბობს“ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებზე.
სენატორები დემოკრატიაზე:
წერილში სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე და საბჭოთა კავშირის დაშლიდან 2012 წლამდე ქვეყანაში განვითარებულ დემოკრატიულ პრინციპებს აფასებენ. მათი განმარტებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში დემოკრატიამ ფესვები გაიდგა, გაიზარდა ეკონომიკა და აყვავდა სამოქალაქო საზოგადოება. საქართველოს ვალდებულება ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემასა და კონსესუსზე დაფუძნებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით რეგიონში შთამბეჭდავ მაგალითად იქცა, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დემოკრატიის შესუსტებაზე მიუთითებს.
“პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა გამოჩნდა უარყოფით და გამაფრთხილებელ შუქზე” – ამერიკელი კონგრესმენის წერილი გახარიას
“შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტებაზე მიანიშნებს. ორი ყველაზე აქტუალური საკითხი არის პარლამენტის წარუმატებლობა, შეესრულებინა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ვალდებებულები და მთავრობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობა. ჩვენ გვესმის, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ქართველ ამომრჩეველს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევის საშუალებას მისცემდა, რაც უპირატეს მდგომარეობაში არცერთ პოლიტიკურ პარტიას ჩააყენებდა. თქვენი მთავრობის გადაწყვეტილება, ხელი შეეშალა ამ ცვლილებისთვის, მიანიშნებს საქართველოს მიერ იმ ვალდებულებზე უარის თქმას, რაც მას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აქვს აღებული. მეტიც, ის მშვიდობიანი პროტესტი, რაც ამ მოვლენას მოჰყვა, არის ხილული ნიშანი, რომ პარლამენტის წარუმატებლობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მთავრობის მიერ ამ პროტესტის ჩახშობა კი ქართველების დემოკრატიული უფლებებისა მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოვალეობის დარღვევაა,“ – აღნიშნულია წერილში.
“შინაარსი აცდენილია ფაქტობრივ რეალობას” – კონგრესმენების კრიტიკას “ოცნება” უცვლელი განცხადებით პასუხობს
სენატორები ოპოზიციაზე:
პრემიერ გახარიას მისამართით გამოგზავნილ წერილში ასევე საუბარია ოპოზიციის ლიდერებზე განხორციელებულ თავდასხმებზეც, რომელსაც აფასებენ, როგორც საქართველოს მიერ დემოკრატიიდან განდგომას.
“შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ლიდერებს ფიზიკურად უსწორდებიან ის პირები, რომლებიც მმართველ პარტიასთან არიან დაკავშირებული. ასევე ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ წლების განმავლობაში დახურული სისხლის სამართლის საქმეების ხელახალი აღძვრა. პოლიტიკოსებს თავისუფლად საუბრის საშუალება უნდა ჰქონდეთ და საქართველოს სასამართლო სისტემა ამ თავისუფლების შესაზღუდად არ უნდა გამოიყენებოდეს“, – წერენ სენატორები.
სენატორები ბიძინა ივანიშვილზე:
საქართველოს მთავარი პარტნიორი ქვეყნის გზავნილში, კრიტიკაა გამოთქმული ბიძინა ივანიშვილის მიმართ. სენატორები შეშფოთებულები არიან მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ “ციხეში კიდევ ბევრი დემონსტრანტი წავა” და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას სურს, სასამართლო და პოლიცია პოლიტიკური მიზნისთვის გამოიყენოს.
“სანქციების დაწესებაზე მოთხოვნა იზრდება” – ამერიკელი კონგრესმენის მორიგი სკანდალური წერილი გიორგი გახარიას
სენატორები სასამართლოზე:
სენატორების “შეშფოთება” მხოლოდ ამით არ დასრულებულა. ისინი 14 მოსამართლის უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კვალიფიკაციის სრულყოფილად შეფასების გარეშე მათი დანიშვნა ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას.
მათ უჩნდებათ კითხვები თუ რამდენად ასრულებს საქართველო თავის ვალდებულებებს იმ ღირებულებებთან დაკავშირებით, რასაც მისი საერთაშორისო პარტნიორები იზიარებენ.
„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ძლიერი დემოკრატიული საფუძველი აქვს. თუმცა, აღნიშნული მოვლენები გვაფიქრებს და გვიჩენს კითხვებს საქართველოს ვალდებულებების შესახებ იმ ღირებულებების წინაშე, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და დიდი სურვილი გვაქვს, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა განვაგრძოთ. თუმცა, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მხარდასაჭერისთვის მოტივირებულები ვართ მანამ, სანამ შეგვიძლია დავეყრდნოთ საქართველოს, როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტნიორს“, – წერია წერილში.
“აპაჭუნოს ახლა თვალები გიორგი გახარიამ და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული” – ლევან კობერიძე
როგორც წინამორბედი სენატორების გზავნილები, 29 იანვრით დათარიღებული წერილის ავტორებიც, იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა გაუარესებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად სწრაფ ზომებს მიიღებს.