LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ უნდა წავიდეს „ევროვიზიაზე“? – რატი დურგლიშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, სალომე ბაკურაძე…

251

4 ნოემბერს „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დიდების „ევროვიზიისთვის“ საქართველოს კანდიდატურის შესარჩევად შიდა კონკურსი გამოაცხადა. სიმღერა სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა იყოს შექმნილი. ცხადია, მხოლოდ ამ კრიტერიუმით არ ირჩევენ პოპკონკურსზე წარსადგენ კანდიდატურას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, მაინც ბუნდოვანია, რა სტილის შემსრულებელი ან ჯგუფი უნდა წარდგეს წარმატების მოსაპოვებლად ევროპის ყველაზე დიდ მუსიკალურ ფორუმზე.

პროდიუსერმა გვანცა კილასონიამ საკუთარ გვერდზე „ევროვიზიის“ შესარჩევი ტურის ვიდეო დადო და ასეთი კითხვა დასვა: „როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა წარადგინოს საქართველო „ევროვიზიაზე“? პასუხების მიხედვით გამოიკვეთა რამდენიმე მომღერალი, მათ შორის თაკო გაჩეჩილაძე, რატი დურგლიშვილი, სალომე ბაკურაძე, სალომე კორკოტაშვილი, ნუკა კვალიაშვილი, ნინი წიკლაური…

ერთადერთი, ვინც ჯერჯერობით თავად განაცხადა იმის შესახებ, რომ შესარჩევში აპირებს მონაწილეობას, ოთო ნემსაძეა, თავის ჯგუფთან ერთად.

„ფორტუნა“ დაუკავშირდა გიგა კუხიანიძეს, რომელმაც წელს უკვე მესამედ, თავის კონკურსანტთან ერთად, მოიგო პატარების „ევროვიზია“.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ დიდების „ევროვიზიაზე“ წარმატებას მიაღწიო?

გიგა კუხიანიძე:

maxresdefaultისეთი პროდუქტი უნდა შეიქმნას, რომელიც „ევროვიზიაზე“ მაყურებლისა და ჟიურის ყურადღების ქვეშ მოექცევა. უნდა დაიწეროს სიმღერა, რომელსაც ერთი მოსმენით დაიმახსოვრებენ. შესაძლოა, კარგი სიმღერა გქონდეს, მაგრამ ადამიანს რამდენიმე მოსმენა დასჭირდეს დასამახსოვრებლად და „ევროვიზიაზე“ ამდენი დრო არ გაქვს.

სიმღერაა პრინციპში, ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ არტისტიც საინტერესო უნდა იყოს, ისეთი, რომელიც პოზიტივს დაიმსახურებს, ვოკალზე არ მაქვს საუბარი, სიმღერა კარგად უნდა შესრულდეს. შეიძლება, სცენაზე არაფერი ხდებოდეს, მაგრამ არტისტმა და სიმღერამ მოახდინოს ეფექტი, როგორც ეს მაგალითად, უკრაინელმა ჯამალამ შეძლო. ვისაც აქ გაუმარჯვია, ყოველ შემთხვევაში, ბოლო წლებში, ყველა კარგი ვოკალისტი გახლდათ.

შენ ისევ არ იღებ მონაწილეობას?

მაქვს დიდი სურვილი, მაგრამ ბავშვების „ევროვიზიის“ შემდეგ ძალიან სწრაფად იწყებენ დიდებისთვის მზადებას და მე ემოციებისგან ისეთი დაცლილი ჩამოვდივარ ხოლმე, რომ არაფრის თავი არ მაქვს. ექვსი თვე მაინც მჭირდება მოსამზადებლად, მასალის მოსაგროვებლად. წარუმატებლობას ნამდვილად ვერ გადავიტან!..

ვიცი, რომ მეუღლის, ნინო ძოწენიძის წარდგენა გინდა ამ კონკურსზე…

თუკი გადავწყვეტ მონაწილეობას შემდეგ წელს, ნინოს დავუწერ სიმღერას, თუმცა ჯერ არ ვიცი, როგორს. გავითვალისწინებ იმ წლის მუსიკალურ ტენდენციებს.მოდა იცვლება და მეც მოდის შესაბამისად შევქმნი.

თავად ნინოს უნდა მონაწილეობა?

ნინოს არ უყვარს კონკურსებში მონაწილეობა, მაგრამ როცა დავუწერ სიმღერას და მოსამზადებელ პროცესში ჩაერთვება, ვფიქრობ, მოეწონება და მოუნდება. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჩემი სურვილია. წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც წელს შიდაშესარჩევ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ვფიქრობ, ათეულში გასვლა დიდი წარმატება იქნება, მაგრამ ეს შედეგი ჩვენ მიღწეული გვაქვს და კიდევ უფრო დიდ ნაბიჯებზე უნდა ვიფიქროთ.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები