ქალაქ ოზურგეთში სასტუმრო „გურია პალასის“ მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაშია. აღნიშნული პროექტი მოიცავს 52 ნომერს, მათ შორის 3 ლუქსის ტიპისაა. ასევე „გურია პალასში“ განთავსდება რეგიონული ბიზნესჰაბი, რომლითაც მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესები ისარგებლებენ. გარდა საოფისე ფართებისა, ბიზნესცენტრი მოიცავს საკონფერენციო დანიშნულების სივრცეებსაც.
პროექტი გულისხმობს გურიის რეგიონში უპრეცენდენტო მასშტაბის ღვინის სადეგუსტაციო დარბაზის შექმნასაც, რომელიც შეძლებს ერთობლივად 150 პერსონას უმასპინძლოს. აღნიშნულ დარბაზში წარმოდგენილი იქნება როგორც გურული ღვინის სახეობები, ასევე ზოგადად, კონიაკი, ჭაჭა და ღვინო მთელი საქართველოდან. „გურია პალასში“ მოეწყობა სპა და საცურაო აუზიც.
აღსანიშნავია, რომ „გურია პალასის“ პროექტს KTW ჯგუფი ახორციელებს. კომპანია ამ პროექტზე 6 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. „გურია პალასის“ გახსნა 2020 წელს არის დაგეგმილი.