ქართული რეალობისთვის უჩვეულო სოფელი, ცისფერი, ხის რიკულებიანი, რუსულ-უკრაინულ ყაიდაზე ნაშენები კოპწია სახლებით, თხელი ფუნჯით მოხატული დარაბებით, ფერადი ძაფებით მოქარგული სუფრებით – ეს გორელოვკაა და ის ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
გორელოვკა ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2065 მეტრზეა განთავსებული, რის გამოც სოფელში ხეები არ იზრდება. ადგილობრივები ზამთარში სათბობად ძროხის ნაკელს იყენებენ. აღსანიშნავია, რომ სოფელში არის ვულკანური წიდის საბადოც.
ამ და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო რამის გამო, გორელოვკა წლის ოთხივე სეზონზე, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მოგზაურების ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ვიზიტორების დაინტერესებას იწვევს სოფლის დაარსების ისტორიაც… გორელოვკა რუსეთიდან იმპერატორ ნიკოლოზ პირველის დროს გამოძევებულმა დუხაბორებმა XIX საუკუნის შუა წლებში დააარსეს. დასახლებისთანავე მათ ააშენეს ობოლთა სახლი, რუსულ-უკრაინული ტიპის ხატა და 1946-1947 წლებში ევროპულ ყაიდაზე ააგეს სამლოცველო სახლი. 1895 წელს 2000-მდე დუხაბორმა ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვა. მეფისნაცვალმა ვორონცოვმა დუხაბორები ამ ფაქტის გამო დასაჯა, სოფელში კაზაკთა პოლკი მიავლინა. ყველა მამაკაცი გაშოლტეს, ნაწილი კი ციმბირში გადაასახლეს. 90–იან წლებამდე დუხობორების რიცხვი ოთხი ათასს აღწევდა, თუმცა 1990-იანებში მათმა უმეტესობამ საქართველო დატოვა.
10 თვალისმომჭრელი ქართული სოფელი, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)
რამდენიმე ადგილი მაღალმთაში, რომლის ნახვასაც გირჩევთ
ცნობისთვის, დუხობორები „სულისათვის მებრძოლნი“ — უკიდურესად პროტესტანტული სექტა, ჩამოყალიბდა 1750 წელს ვორონეჟის, ტამბოვის, ეკატერინოსლავის გუბერნიებში.
ამ და სხვა ბევრი საინტერესო ფაქტის გამო კი, გორელოვკას უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რომელიც აუცილებლად ასათვისებელია.