LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KTW ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს

344

კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა” ჩოხატაურში ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. პროექტის დაწყება 2017 წლის პირველი ნახევრიდან იგეგმება და მასში დაახლოებით მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდება. როგორც ”ფორტუნას” KTW-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, შპს ”კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო ჩოხატაურის” საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე არის თავისუფალი მიწა, სადაც KTW ახალი ტექნოლოგიური ხაზების დამატებას აპირებს.

”მიწის ნაკვეთის გადმოცემის საკითხზე გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე გვიშუამდგომლა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ტერიტორია ჩვენს მფლობელობაში გადმოვა, აქ ახალ საწარმოს ავაშენებთ, რომელიც ბოსტნეულის გადამუშავების მიმართულებით იმუშავებს. მიღებული პროდუქცია კი ”ნენა”-ს ბრენდის ქვეშ გამოვა”, – განმარტა ზურაბ ჩხაიძემ. მისივე ინფორმაციით, ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოში ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან.

ამასთან, როგორც KTW-ს გენერალურმა დირექტორმა განმარტა, გურიის ცენტრში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ”კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო ჩოხატაურის” გახსნამ გაამართლა. ამ ეტაპზე საწარმოში მარტო 15 სახეობის კომპოტი იწარმოება, ასევე სხვადასხვა სახეობის ჯემები და მურაბები.
”საწარმო წელიწადის 12 -ივე თვე სრული დატვირთვით მუშაობს და აბსოლუტურად ყველა სეზონზე არსებული ხილის კომპოტს უშვებს. რაც მთავარია, ჩვენი პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტის ISO 22000-ის შესაბამისად მზადდება. პროდუქციის რეალიზება კი როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე ხორციელდება (რუსეთი, ჩინეთი)”, – აღნიშნა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, კომპანიამ ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ გურიაში ახალი მიმართულებით ინვესტიცია, 400 000 აშშ დოლარის სახელმწიფო თანადაფინანსებითა და 500 000 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით, 2014 წელს განახორციელა და თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. ქარხანა ექსპლუატაციაში 2015 წლის სექტემბერში შევიდა.

 

15135472_1322486504451546_977823410_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები