LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სკიჯი” საახალწლოდ გურულ ჯანჯუხებს დაამზადებს

106

ნატურალური, ქართული, ოჯახური ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი კომპანია ”სკიჯი” საახალწლო სამზადისს შეუდგა. კომპანიამ კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობა უკვე დაიწყო.

როგორც ”ფორტუნას” ”სკიჯის” დამფუძნებელმა და დირექტორმა დარეჯან ბერძენიშვილმა განუცხადა, სხვადასხვა ხილის ჩირის გარდა, ”სკიჯი” მომხმარებელს გურულ ჯანჯუხებსაც შესთავაზებს.

”საახალწლო შეკვეთები უკვე მივიღეთ ქართულ ნატურალურ ნუგბარზე. ამ ეტაპზე სამ კომპანიასთან ვთანამშრომლობ და პოტენციური დამკვეთების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ამასთან, ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ინდივიდუალური შეკვეთებითაც ხორციელდება. ის, ვისაც საახალწლოდ ”სკიჯის” პროდუქცია სურს, ჩვენი კომპანიის ”ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე შეუძლია მოგვწეროს”, – განმარტა ბერძენიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კორპორატიული შეკვეთებისთვის ”სკიჯი”  ვაშლის, მსხლის, ფორთოხლის კანის, ფეიხოას და სხვა ხილის ჩირებს დაამზადებს. ამასთან, კომპანია განსაკუთრებულად ემზადება გურული ჯანჯუხების წარმოებისთვის.

”დავამზადებთ ორი სახის ჯანჯუხას – შედარებით მცირე ზომის, რომელიც 15 სანტიმეტრი იქნება და მეორე – 22 სანტიმეტრის. თითო ჯანჯუხა   2 ლარიდან 3 ლარამდე ეღირება”, – განმარტა ”სკიჯის” დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით,  თუ კომპანიამ დიდი რაოდენობით დაკვეთა არ მიიღო, შესაძლოა, მისი ჯანჯუხები სარეალიზაციო ქსელშიც გამოჩნდეს.

ამასთან, კომპანია ხილის ჩაის ახალ არომატებზეც მუშაობს.  როგორც დარეჯან ბერძენიშვილმა განმარტა, ”სკიჯი” ჩაის ახალი სახეობებისთვის ფეიხოას კანს, მაყვლისა და მალინის ფოთლებს, ასევე ბოსტნეულის მცენარეებს აშრობს.

”ფეიხოას კანის ჩაი ინოვაცია იქნება. გარდა იმისა რომ საოცრად არომატულია, იოდს და  ჯანმრთელობისთვის საჭირო სხვა უმარავ მნიშვნელოვან ნივთიერებას შეიცავს”, – აღნიშნა ”სკიჯის” დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, ოჯახური ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი საწარმო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  სოფელ ხიდისთავში მდებარეობს და მასში 3 ადამიანია დასაქმებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები