ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის მოკლევადიან რყევებზე კრიტიკული კომენტარების გაკეთება დიდ რისკს შეიცავს.
კობა გვენეტაძის პროგნოზით, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ეროვნული ვალუტა გამყარებისკენ იქნება მიმართული. ახლა კი, მისი თქმით, კურსზე სხვადასხვა გარიგებები და მოლოდინები მოქმედებს.
”ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთი კომენტარი ძალიან დიდ რისკს შეიცავს. კურსზე მოქმედებს სხვადასხვა გარიგებები და მოლოდინები. მომავალშიც იქნება გაუფასურებები და გამყარებები, მაგრამ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ჩვენ ვალუტას გამყარების მიმართულება ექნება”, – ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მანვე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რეფინანსირების სესხები ლიკვიდობის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რაც გაცვლით კურსზე გავლენას არ ახდენს.
გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ამ ინსტრუმენტს, ბევრი ცენტრალური ბანკი წარმარტებით იყენებს.
”რეფინანსირების სესხები, ეს არის ლიკვიდობის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ყველა პროგრესული პოლიტიკის გამტარებელი ეროვნული ბანკი იყენებს. ეს არ ახდენს გავლენას გაცვლით კურსზე”, – განაცხადა გვენეტაძემ.
რაც შეეხება ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ამ ხერხს კიდევ არაერთხელ მიმართავენ.
კობა გვენეტაძის თქმით, როდესაც რაიმე ფუნდამენტური ფაქტორების გავლენაა, ეროვნული ბანკის ჩარევა ინტერვენციების სახით, აუცილებელია.
”მაშინ როდესაც დავინახეთ, რომ არ იყო რაიმე ფუნდამენტური ფაქტორების გავლენა და გარკვეული მოლოდინები, (იყო საკმაოდ მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციები) მაშინ გავაკეთეთ ინტერვენციები. ეს არის ეროვნული ბანკის სტრატეგიაში, ეს არის ის, რაც ძალიან ბევრჯერ გაუკეთებია ადრეც ცენტრალურ ბანკს. წინა წლებში გაცილებით უფრო მეტი მოცულობით, ვიდრე წელს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც, როდესაც ეს საჭირო იქნება, ეროვნულ ბანკს ამის გამოყენება მოუხდეს. წლის განმავლოაბში ჩვენ არა მხოლოდ გაყიდვები, არამედ შესყიდვებიც გავაკეთეთ. რატომღაც ეს ყველას რჩება და უფრო ახსენდებათ ის, რომ გაყიდვები გაკეთდა”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.