დონალდ ტრამპის მოგებამ ბევრი ამერიკელი იმდენად უკმაყოფილო დატოვა, რომ ისინი ქვეყნის დატოვებას გეგმავენ. დღეს დილით, შედეგების გაგებისთანავე აშშ-დან უამრავი ადამიანი ცდილობდა კანადის საემიგრაციო სამსახურის ვებ-გვერდზე შესვლას, საიტმა ვიზიტორების რაოდენობას ვერ გაუძლო და გაითიშა.
გამოცემა „ტელეგრაფი“ აშშ-დან ქვეყნის მსურველებს მსოფლიოს 15 ადგილს სთავაზობს, სადაც ისინი თავს კარგად იგრძნობენ. შეთავაზებულ ქვეყნებს შორის საქართველოც არის, უფრო კონკრეტულად კი – კახეთი.
„ტელეგრაფი“ მიიჩნევს, რომ ნიუ-იორკელებს, თუ სურთ, რომ ტრამპისგან ოკეანე ჰყოფდეთ, შეუძლიათ, გადასახლდნენ ლონდონში, სიეტლის მცხოვრებლებს „ტელეგრაფი“ ვენას სთავაზობს, ლას-ვეგასელებს – მაკაუს, პალო ალტოში მცხოვრებლებისთვის იდეალური საცხოვრებელი ადგილი სტოკჰოლმი იქნებოდა, ვაშინგტონელებისთვის ბრიუსელი, სან-ფრანცისკოელებისთვის სიდნეი, ბოსტონელებისთვის – დუბლინი, ჩიკაგოელებისთვის მანჩესტერი, სენტ ლუისელები თავს ყველაზე კარგად ბუენოს აირესში იგრძნობენ, ჰონოლულუელები – ოკინავაში, ნიუ ორლეანელები – კეიპთაუნში, ოსტინელები ჰონგკონგში, დეტროიტელები ჰარბინში, პორტლანდელები ვანკუვერში.
კახეთი კი, „ტელეგრაფის“ აზრით, საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი სონომას მაცხოვრებლებისთვის იქნება. სონომა კალიფორნიაში მდებარეობს და აქ ძალიან ბევრი ადამიანი მეღვინეობას მისდევს.
„ტელეგრაფი“ წერს, რომ კახეთი საქართველოს აღმოსავლეთით მდებარეობს და გემრიელი ღვინოთი და საჭმლით არის ცნობილი.
„იცოდით, რომ საქართველოში 8 ათასი წელია, ნატურალურ ღვინოს ამზადებენ? ეს ახალი კალიფორნიაა და თქვენ იქ უნდა იყოთ,“ – აღნიშნავს სტატიის ავტორი.