LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელი ინვესტორები გურიაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას გეგმავენ

502

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა ხიონგ ხიანგლონგმა და მისმა თანხმლებმა პირებმა გურიაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციები დაათვალიერეს და სოფელ მერიაში ყოფილი აეროდრომის ტერიტორია მოინახულეს.

მანამდე ისინი გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძეს შეხვდნენ.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ჩაის მეურნეობის წარმოებაზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერაზე, ტურიზმის და თავისუფალი ეკონომიკური ზონის საკითხებზე ისაუბრეს.

როგორც გია სალუქვაძემ განაცხადა, ჩინურმა მხარემ ინვესტიციის განხორციელების დიდი სურვილი გამოთქვა.

გუბერნატორმა სტუმრებს რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და არსებულ თავისუფალ საინვესტიციო გარემოზე ვრცლად ესაუბრა.

„ისინი ინვესტიციის ჩადებას რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით გეგმავენ. დღევანდელ შეხვედრაზე დაისახა გამოცდილების გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ვისაუბრეთ გურიაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. დავათვალიერეთ ჩაის პლანტაციები და სოფელ მერიის ყოფილი აეროდრომის ტერიტორია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ინვესტორების სურვილის შემთხვევაში გაფორმდება მემორანდუმი, ხოლო შემდეგ ეტაპზე შესაძლებელია სოფელ მერიაში სატვირთო გადაზიდვების აეროდრომისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. რაც შეეხება ჩაის წარმოებას, მათ მოითხოვეს 150 ჰა. ჩაის პლანტაცია, რომლის რეაბილიტაციასაც პროექტის განხორციელების შემთხვევაში აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები მოახდენენ”, – განაცხადა გია სალუქვაძემ.