LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მობილური ტელეფონების გამოყენება მოსწავლეებს გონებას უფანტავს – სახიფათო ტენდენციაა, ბავშვები ხშირად იღებენ ერთმანეთის და პედაგოგის ვიდეოებს”

3727
teo-gubianuri

თანამედროვე ბავშვები და მოზარდები მობილური ტელეფონების აქტიური მომხმარებლები არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით კი ბევრ სხვადასხვა აზრს ვისმენთ. ზოგიერთი თვლის რომ ეს საჭირო ნივთია, ზოგიც თვლის, რომ ამის საჭიროება არ არსებობს, ასევე საუბარია იმაზე, რამდენად მართებულია მობილური ტელეფონის სკოლაში სიარული. რატომ არ არის საჭირო ბავშვები და მოზარდები მივაჯაჭვოთ მობილურ ტელეფონებს – ამ თემაზე “ფორტუნას” ფსიქოლოგი თეო გუბიანური ესაუბრა.

პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ ბავშვს ტელეფონს უფროსები ყიდულობენ ან აძლევენ.

მიზეზი, რის გამოც ბავშვს მობილურს აძლევენ ძირითადად ასე აიხსნება: როდესაც ბავშვი სახლიდან არის გასული, ან სკოლაშია მშობელს სურს, მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს მასთან, იმისთვის, რომ იყოს წყნარად, იცოდეს სად არის მისი შვილი და თუკი რაიმე პრობლემა შეექმნება ბავშვს, შეძლოს დროულად დაკავშირება.

გამოვყოფ სასკოლო პრობლემებს, რომელიც მობილურ ტელეფონებს უკავშირდება:

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მობილური ტელეფონები დააქვთ „დაცულობისთვის“, იმისთვის რომ მშობელმა შეძლოს და დაურეკოს ბავშვს სკოლაში ყოფნის დროს, იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს და დაურეკოს მშობელს, როდესაც რაიმეზე განერვიულდება ან გაუხარდება. არსებობს რამდენიმე გარემოება რაც უნდა გავითვალისწინოთ.

პირველ რიგში, მშობლისა და მოსწავლის მხრიდან მსგავსი ტიპის მიდგომა საერთოდ არ ითვალისწინებს პედაგოგის ჩართულობას, რაც არასწორია. სკოლის ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს შეიქმნას ერთიანი წრე, სადაც თანაბრად იქნება გადანაწილებული მშობლის, მოსწავლისა და პედაგოგის ჩართულობის როლები, რაც ასეთ გარემოებაში საფრთხის წინაშე დგება. ბავშვი, იმის გარდა რომ სკოლიდან ზოგად განათლებას იღებს, ასევე გადის სოციალიზაციის ეტაპებს, სწავლობს ადამიანებთან ურთიერთობასა და სოციალურ უნარებს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს, რომელიც სკოლაში ყოფნის დროს მუდმივ კონტაქტზეა მშობელთან, უჭირს თანაკლასებელთან სოციალიზაცია.

იმის მაგივრად, რომ საკუთარი ემოციები და აზრები გაუზიაროს თანაკლასელებსა და პედაგოგოებს, უზიარებს მშობელს; დახმარებისთვის კვლავ მიმართავს მშობელს; ვერ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს. ანუ გამოდის რომ, მიჯაჭვულობა მშობელსა და ბავშვს შორის საკმაოდ ძლიერია, ხდება გადამეტებული კონტროლი, მაშინ როდესაც ამის საჭიროება აღარ არის და ასე მივდივართ ნეგატიური მიჯაჭვულობის ეტაპამდე, რომელსაც დამაზიანებელი ეფექტი აქვს. მშობელი ბავშვს უმტკიცებს იმის რწმენას, რომ მისი მასწავლებელი არ არის სანდო, შესაბამისად ბავშვისთვის პედაგოგი ვერ გახდება საჭირო ავტორიტეტი, რომელიც აუცილებლად უნდა შემოვიდეს ბავშვის ცხოვრებაში მისი განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც იწყება სოციალური უნარების აქტიური განვითარება.

გარდა ამისა, ჩნდება პრობლემა მშობლისა და პედაგოგის კომუნიკაციაში. მშობელი არ ეკონტაქტება პედაგოგს – ბავშვისგან იღებს სრულ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, საკუთარ შვილს უნდა ენდოს, თუმცა ყოველთვის უნდა მოისმინოს პედაგოგის აზრიც, ამით სუბიექტურობას აიცილებს თავიდან და შეძლებს სიტუაციის ობიექტურად შეფასებას. ასევე, დგება არაინფორმირებულობის საკითხიც, როგორც მასწავლებლის, ისე მშობლის მხრიდან.

განსხვავებული სიტუაციაა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. რისთვის იყენებენ მოზარდები მობილურებს? შემთხვევები, რომლებიც პირადი პრაქტიკიდან მაქვს საკმაოდ შემაშფოთებელია, რეალობა კი ასეთია: საგაკვეთილო პროცესში სოციალური ქცელების გამოყენება – სქროლვა, ფოტოებისა და ვიდეოების ატვირთვა, დალაიქება, მიმოწერები. მოზარდობის ასაკში განსაკუთრებით გამძაფრებულია თანატოლებთან კომუნიკაციის მოთხოვნილება, ადრე ეს ფურცელზე დაწერილი წერილები იყო, ახლა მესიჯებია. ასევე, გაკვეთილის მიმდინარეობისას ხდება ვიდეოებისა და ფილმების ყურება და ა.შ. ვფიქრობ გასაგებია მოსწავლის მსგავსი აქტივობებით დაკავება გაკვეთილის მიმდინარეობისას რა შედეგსაც მოიტანს.

იგი სრულიად მოწყვეტილია საგაკვეთილო პროცესს, მთელი ყურადღება გადატანილია ტელეფონზე, არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა, რომ იყოს გაკვეთილზე. აქ კიდევ ერთი ნიუანსი მინდა გაგახსენოთ, რომ მსგავს მოწყობილობებს ახასიათებთ უნარი, მთლიანად მიიპყრონ ადამიანის ყურადღება, ისე რომ გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენებს არაცნობიერ დონეზეც კი ვერ აღვიქვამდეთ.

თუმცა, მხოლოდ ეს არ არის პრობლემა, გაჩნდა საკმაოდ სახიფათო ტენდენცია, რომელიც დაკავშირებულია ფარულ ვიდეო -აუდიო ჩანაწერებთან .მოსწავლეები იწერენ ერთმანეთის და პედაგოგის ვიდეოებს, ხმებს, ფოტოებს და შემდეგ ავრცელებენ მათ. მიდის ერთგვარი შანტაჟი, განსაკუთრებით ისევ სოციალური ქსელების გამოყენებით . ეს არის ის, რასაც კიბერბულინს ვეძახით და ვთვლი, რომ ძალადობის ყველაზე სახიფათო ფორმაა, რადგან ყველაზე რთულად კონტროლირებადია.

რაც შეეხება, უშუალოდ მობილური ტელეფონებისა და ტექნიკის გამოყენებას სასკოლო სივრცეში, უნდა აიკრძალოს თუ არა ისინი, დღეს საკმაოდ საკამათო საკითხია. თუმცა ფაქტია, რომ მოსწავლეს მობილური ტელეფონი საკაგვეთილო პროცესში უფანტავს ყურადღებას, ხელს უშლის გაკვეთილზე ორიენტაციაში და აქვეითებს მის პროდუქტიულობას.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები