LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა?

96

თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი მკაცრდება, თუმცა ახალი რეგულაციების ამოქმედება დროში იწელება. “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მომზადებულია, მაგრამ კანონად ჯერ კიდევ არ ქცეულა.

როგორც ”ფორტუნასთან” კანონპროექტის ინიციატორმა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, ეს ინიციატივა დამტკიცებამდე ახალი მოწვევის პარლამენტში კიდევ ერთმა კომიტეტმა უნდა განიხილოს.

იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტის მიღება ჭიანურდება, შეიცვალა მისი ამოქმედების აქამდე არსებული ვადაც.

2017 წლის 1 ივლისის ნაცვლად, ახლა ვარაუდობენ, რომ ის სრულად 2018 წლის 1 იანვრამდე უნდა ამოქმედდეს.

კანონპროექტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თამბაქოს მოხმარების აკრძალვას გულისხმობს.

მაღრაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სასტუმროებს 2018 წლის 1 იანვრიდან დაევალებათ, ნომრების ნაწილი არამწეველ მომხმარებლებზე გამოყონ.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საჯარო დაწესებულებებს, სილამაზის სალონებსა და მაღაზიებს კი სპეციალური, მოსაწევი ადგილების გამოყოფის ვალდებულება ექნებათ.

”უნდა დავიცვათ არამწეველის ჯანმრთელობა და უფლებები. თუმცა, სასტუმროებსა და სხვა თავშეყრის ადგილებს უნდა მივცეთ ვადა იმისთვის, რომ ამისთვის მოემზადონ”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ ”ფორტუნასთან”.

ინიციატივა, თამბაქოს რეალიზაციაზეც აწესებს შეზღუდვებს. კანონპროექტის ავტორი მოითხოვს, რომ თამბაქო და მასთან დაკავშირებული აქსესუარები, გამოსაჩენ ადგილებზე ან ვიტრინებში არ განთავსდეს და ე.წ. დახურული ყუთებით გაიყიდოს.

გარდა ამისა, შეიცვალება ჯარიმების ოდენობა და გადახდის წესიც. ინდივიდის ნაცვლად, ახლა გადასახადის გადახდა კომპანიას მოუწევს, რაც უფრო მეტ კონტროლს გულისხმობს.

თუმცა, გუგული მაღრაძის თქმით, ამ დრომდე არ არის შეთანხმებული მთავრობასთან ვინ იქნება ამ ჯარიმების ამომღები.

”მსგავსი ტიპის კანონი თითქოს იყო 2005 წელს მიღებული, მაგრამ არ იყო გაწერილი, ვინ ამოიღებდა ამ ჯარიმებს. ამ მხრივ მთავრობა უნდა შეთანხმდეს, სპეციალურად რაიმე ორგანიზაცია შეიქმნება ამისთვის, თუ ეს საქმე შსს, საგადასახადოს ან სხვა რომელიმე ორგანოს დაევალება”, – განაცხადა მაღრაძემ ”ფორტუნასთან”.

მაღრაძის თქმითვე, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კანონპროექტი რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები