LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახლში ყოფნას არაფერი მირჩევნია“ – ნანა შონიას მყუდრო ნავსაყუდელი

მსახიობ ნანა შონიასა და მხატვარ შოთიკო გლურჯიძის სახლში ბევრ ნახატსა და ხელნაკეთ ნივთს რომ ნახავთ, ალბათ, არ გაგიკვირდებათ. ხელოვანების მყუდრო ნავსაყიდელი შესვლისთანავე შინაურულად იგრძნობთ თავს, რაც მასპინძლების მთავარი ამოცანაა.

ნანა შონია წინასაახალწლოდ ჩავწერეთ.

თქვენს სახლში ბევრი არაჩვეულებრივი ნივთი ვნახეთ. როგორ იქმნებოდა ეს ბინა?

ნანა შონია:

ამ სახლში ვცხოვრობდი, თუმცა სამწუხაროდ, 1992 წელს ის დაიწვა. შემდეგ აშენდა ის, სადაც ახლა ვცხოვრობთ, გვეკუთვნოდა ბინა და მოგვცეს. ხშირად ვნანობ ხოლმე, რომ პარლამენტთან ახლოს ვცხოვრობ, რადგან სულ ქაოსია (იღიმის). ძალიან გამიჭირდა აქედან წასვლა. რა არის მთვარი აქ? ქვედა სართულზე ჩემი დები ცხოვრობენ. თან, ცალკე ვართ, თან, ერთად. ცხოვრება ისეთია, ხანდახან საკუთარი და შეიძლება, თვეები ვერ ნახო, ცოტა შორს რომ ცხოვრობდეს. მე სახლში ჯოდმის მოყვარული ვარ და ამიტომ ვამბობ. ასე რომ, ძალიან მიხარია, რომ ერთ სახლში ვცხოვრობთ. 2020 წლის იანვარში აქ ცხოვრების 20 წლის იუბილე გვაქვს.  თავიდან მხოლოდ ორი ოთახი გავარემონტეთ, შემდეგ კი თანდათან შევძელით მთლიანად გარემონტება. რასაც აქ ხედავთ, რაც მოგწონთ და ლამაზია, ძირითადად ყველაფერი შოთიკოს ხელითაა გაკეთებული, ზოგიც – ჩემი შვილის. მე ავეჯის ყიდვაში ვერევი. მიყვარს ხელნაკეთი ნივთები.

ძალიან მიყვარს ჩემი სახლი. სამოგზაუროდ წასვლა დიდად არ მიყვარს, რადგან სახლში დაძინება მომწონს. ახლა ჩემი მეუღლე წასულია და არ მომწონს ეს, მინდა, აქ იყოს, დაცულად ვიგრძნობ თავს… ახლახან გასტროლზე გახლდით და არ მსიამოვნებდა ოჯახისა და სახლის, საქართველოს დატოვება. მიჭირს ჩემი ქვეყნიდან წასვლა. ასე იყო ადრეც და ეს წლებს არ მოუტანია. რანაირი კარგიც უნდა იყოს მოგზაურობა, სულ ვითვლი დღეებს ჩამოსვლამდე.

ავეჯი ახსენეთ და ძირითადად, დაძველებული ავეჯი დგას თქვენთან.

ვაკეთებთ ყველაფერს იქიდან გამომდინარე, რისი საშუალებაც გვაქვს. მაგალითად, დაბალი მრგვალი მაგიდა ოჯახიდან ვიყიდეთ, ზოგი რამ – მაღაზიაში, მაგრამ ძველი ავეჯის გაყიდვის ხარჯზე. ახლა უფრო მეტად ასეთი ნივთები მომწონს. სითბოა რაღაცნაირი. ყველა, ვინც შემოდის, შინაურულად გრძნობს თავს. აქ ვერავის დავახვედრებ ვერაფერს ძვირფასს და მოდურს. დავახვედრებ იმას, რაც შეიძლება, ადამიანმა ხელით და გულით გააკეთოს.

ყველაზე ძვირფასი ნივთი ამ სახლში რა არის?

ერთს ვერ დავასახელებ, განსაკუთრებით ძვირფასია ჩემი მეუღლის და ჩემი შვილის ნამუშევრები, რომელთაც ზედ დავკანკალებ. გარკვეული პერიოდის წინ გამოფენისთვის ნამუშევრები წაიღეს და ეს ძალიან არ მომეწონა, სახლი დაცარიელდა. ჩემი ყვავილებიც კი მოიწყენენ ხოლმე, როცა აივნიდან სახლში შემოვიტან. ბროწეული ყველაფერს ჩამოყრის ხოლმე, ვფიქრობ, რომ მორჩა გადასაგდებია, მაგრამ ეტყობა, გრძნობს და მერე აყვავილდება ხოლმე… შეიძლება, არ გჯერათ, მაგრამ ნამდვილად ასე ხდება (იღიმის).

ამ სახლში ყველაფერი მიყვარს, რადგან ყველაფერს თავისი ისტორია აქვს. ერთ-ერთი კარადა შევიძინეთ მაღაზიაში, სადაც კუნძულ ბალიდან ჩამოაქვთ ნივთები. პირველ ნახვაზე ვერ ვიყიდეთ, ერთ მშვენიერ დღეს კი ჩემმა მეუღლემ მომიტანა. ტელევიზორსაც თავისი ამბავი აქვს, რომელიც საახალწლო ფასდაკლებაზე ვიყიდეთ, რადგან ძველი არ მომწონდა. ეს დიდი ნაძვის ხე ფილმში „გაიღიმეთ“ აღებული ჰონორარით ვიყიდე, იმ ჰონორარიდან სამახსოვროდ მხოლოდ ეს დამრჩა, მაშინ მეძვირა, მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი. პირველად კინოში რომ გადამიღეს, ჰონორარით ვიყიდე არაბული ბეჭედი, რომელიც ახლა ჩემს დას აქვს, ოჯახშია და დაგვრჩა…

სამოგზაუროდ რომ მიდიხარ, აუცილებლად ცდილობ, ჩამოიტანო ისეთი რამ, რაც ამ მოგზაურობას დაგამახსოვრებს. ახლა მინსკში გახლდით და მინდოდა მენახა სამხატვრო სალონი, სადაც ხელნაკეთი ნივთების შეძენა შეიძლებოდა და ბოლოს მაინც მივაგენი, სათვალის ტყავის ჩასადებს, რომელიც სიამოვნებით შევიძინე…

როგორც მივხვდი, ხელნაკეთი ნივთები თქვენი გატაცებაა. ალბათ, თქვენი ოჯახის წევრებიდან გამომდინარეობს…

ალბათ, ამიტომაც მოვხვდი ასეთ ოჯახში, რადგან მანამდეც ასე იყო. ბავშვობიდან ასე ვიყავი. სულ მეკითხებოდნენ, სად იპოვე ესა თუ ის ნივთიო. ჟირაფს რომ უყურებთ, რომელიც კარადაზე დგას, ინგლისში ვიყიდე აფრიკელებისგან. პირველად რომ ჩავედი ამ ქვეყანაში, სწორედ ასეთი ტიპის მაღაზიებს ვეძებდი, 25 წლის წინანდელ ამბავს გიყვებით, მექსიკურ მაღაზიაში ვიყიდე მოსასხამი, რომელიც დღემდე მაქვს, არაფერი ემართება, ჩემს დებსაც აცვიათ, მე უკვე მომბეზრდა. სადაც უნდა ჩავიცვათ, ყველა გვეკითხება, სად იყიდეთო. ორიგინალური რაღაცები არის ჩემი გატაცება. ინგლისშივე ავისრულე ჩემი დიდი ხნის ოცნება და როგორც ინდური კინოს მოყვარულმა, ვიყიდე ნამდვილი სარი. ბავშვობიდან დღემდე ვუყურებ ინდურ ფილმებს და ძალიან მომწონს მათი ტანსაცმელი, ცეკვები, საოცარ სიამოვნებას ვიღებ… ამ სარის ერთი საათი ვიცვამდი, რომ ჩამოვიტანე, უკვირდათ, სად ჩაიცვამო, მაგრამ ერთხელ მეჯლისზე მოვირგე, მეორედ – ფოტოსესიაზე, მესამედ კი, სპექტაკლზე.

ორიგინალური რაღაცები გიყვართ, მაგრამ ტრადიციული ნაძის ხე გიდგათ.

ეს ერთი ნაძვის ხე, ნამდვილად ტრადიციულია, მაგრამ აბა, მკითხეთ, მეორე როგორი მაქვს? (იღიმის). ეს რკინის ნაძვის ხე არის ჩემი მეგობრის, კახი ერაძის გაკეთებული, მას მოჰყვება საკუთარი სათამაშოები და თავისი მორთულობა. ვაწყობ ვერცხლისფერსა და ლურჯში და ეწყობა ძალიან მალე.

პირველი ადამიანი ხართ, ვის სახლშიც ორი ნაძვის ხე აღმოვაჩინე…

არა მაქვს ორი, ოთხი მაქვს, ერთი სამზარეულოში დგას, სულ პატარა კი დიდ ოთახში (იღიმის). თან, როგორ ვაწყობთ იცით, ნაძვის ხეებს? აუცილებლად საახალწლო და საშობაო სიმღერების ფონზე. ახლა ჩემი და დიდ ნაძვის ხეს გააწყობს და ამაში ყველა ვმონაწილეობთ, დიდი რიტუალია. სანამ გეხალისება, სანამ ბავშვებს უხარიათ, შენც გიხარია.

რა საახალწლო ტრადიცია გაქვთ?

ორიგინალური არ ვიქნები, ყოველთვის ოჯახში ვხვდები. ჩემს დასთან, ქვევით ეწყობა დიდი სუფრა, მოდიან ახლო ნათესავები, მეგობრები და ერთად აღვნიშნავთ. ამიტომ არის სითბო, სიმყუდროვე, სიგემრიელე…

თქვენ ამზადებთ?

ტრაბახს ვერ დავიწყებ და დიდი კულინარიული ოსტატობით არ გამოვირჩევი, მაგრამ რაღაცებს ვამზადებ. გემრიელი გამომდის ბოსტნეულის ტორტი, ე.წ. „შუბა“, სალათი ოლივიე და… გოზინაყი. იმდენად კარგი გოზინაყი გამომდის, რომ დედაჩემისგაც კი დავიმსახურე ქება, რომელიც საუკეთესოდ ამზადებს გოზინაყს.

საახალწლო სურვილს 31 დეკემბრის საღამოს ჩაუთქვამთ ხოლმე?

არ დაგიმალავთ და ჩავიფიქრებ ხოლმე, ჩუმად, ჩემთვის. ხომ არსებობს ტრადიცია, სურვილს რომ დაწერენ ფურცელზე, დაწვავენ, ფერფლს შამპანურში ყრიან და სვამენ… ერთხელ ეს ვთქვი და მერე მომწერეს, ჩავუთქვით და არ აგვისრულდაო. მე მისრულდება (იღიმის). ახალი წელი იმედსა და სიხარულთან იგივდება. ჩემთვის მთავარია, იყოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ჯანმრთელობა. დანარჩენი, მგონია, რომ ყველაფერი იქნება. თუკი იშრომებ, მიზანს ყოველთვის მიაღწევ. კარგია, როცა იცი, რა გინდა… ჩემი მთავარი სურვილია, მეტი ვითამაშო და გავაკეთო ის, რაც შემიძლია.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია