განქორწინება დღევანდელ საზოგადოებაში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. მშობლების დაშორებას ყველაზე მეტად ბავშვები განიცდიან. ხშირად იბნევიან და უჭირთ სიტუაციასთან გამკლავება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს მშობლების მხრიდან სწორად შერჩეული სტრატეგიაა, რათა რაც შეიძლება ნაკლებად ტრავმირებული დარჩნენ და ნაკლები სტრესი მიიღონ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მშობლებისთვისაც რთულია და მათაც სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება, თუმცა მდგომარეობის შესამსუბუქებლად ბავშვების გამოყენება დაუშვებელია. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პატარები თქვენგან ელოდებიან დახმარებას, თანადგომას და თუ სუსტს და დაუცველს დაგინახავენ, მეტად გაუჭირდებათ სიტუაცისთან გამკლავება და გაურთულდებათ სტრესული მდგომარეობა.
რა უნდა გააკეთონ მშობლებმა რომ განქორწინება ბავშვისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს.
ამის შესახებ ფსიქოლოგ მარინა მათიაშვილს ვესაუბრეთ:
“მშობლების განშორება ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის სტრესის მომტანია. თუმცა შესალებელია სტრესის მინიმუმამდე დაყვანა. ეს კი მნიშვნელოვნად მშობლებზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ორივე მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კონფლიქტი, გაღიზიანება და სიძულვილის ენის გამოყენება ბავშვის თანდასწრებით დაუშვებელია. მნიშვნელოვანია ორივე მშობელმა დადებითი სახე შეუნარჩუნოს ერთმანეთს, ბავშვის თვალში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარამ რომელიმე მშობლის დეფიციტი არ იგრძნოს. შეძლებისდაგვარად უნდა გაგრძელდეს ურთიერთობის ის სიხშირე და ხარისხი, როგორიც განქორწინებამდე იყო.
ურთიერთობის დროს ბავშვმა ცვლილება არ უნდა იგრძნოს. ბავშვის ასაკის შესაბამისად მშობლებმა უნდა აუხსნან რა არის განქორწინება, რა იყო განქორწინების მიზეზები და როგორ გაგრძელდება მომავალში მისი ცხოვრება. დაგეგმარების შემდეგ კი ბავშვის მოლოდინები უნდა გამართლდეს და იმედი არ უნდა გაუცრუვდეს. განქორწინება ყველა ბავშვზე ინდივიდუალურად ზემოქმედებს, თუმცა განცდები, რასაც ყველაზე ხშირად აქვს ადგილი ბავშვებში არის: მშობლის დანაკარგის განცდა, ბრაზი, შფოთვა, შიში მომავალთან დაკავშირებით, საკუთარი თავის დადანაშაულება, ერთ-ერთი ან ორივე მშობლის დადანაშაულება, ძილის დარღვევა, გამღიზიანებლობის, მგრძნობელობის მომატება, იმპულსურობა, პროტესტი სიტუაციის მიმართ.
თუ მშობელი ურთიერთობის სწორ ტაქტიკას შეიმუშავებს ყველა ეს განცდა მინიმუმამდე დავა.
გარდატეხის ასაკში წამყვანი თვითდამკვიდრება და დამოუკიდებლობის გამძაფრებული მოთხოვნილებაა. ამ ასაკში განსაკუთრებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მშობლებმა და მაქსიმალურად ეცადონ შეცდომები არ დაუშვან მათთან ურთიერთობისას. ხშირი შეცდომა სამწუხაროდ ბავშვის თანდასწრებით ერთმანეთთან შეჯიბრია, რაც დაუშვებელია და ბავშვზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. აუცილებელია მშობლების ნორმალური ფსიქოლოგიური ფუნქციონირება, რაც პირდაპირ აისახება ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.”
პატარა ბავშვებს უფროსი ასაკის ბავშვებისგან განსხვავებით, ნაკლებად შეუძლიათ საკუთარი განცდების სიტყვებით გადმოცემა, თუმცა ამ განცდებს ქცევაში ავლენენ. სკოლის ასაკის ბავშვებში შეიძლება დაეცეს აკადემიური მოსწრება, ან ბავშვმა დაკარგოს ინტერესი სხვადასხვა აქტივობებისადმი. ზოგ შემთხვევაში ზემოთ აღწერილი განცდები აშკარად არ ჩანს. ზოგი ბავშვი ცდილობს არ ანერვიულოს მშობელი და მალავს თავის რეალურ განცდებს, თავს აჩვენებს თითქოს ყველაფერი რიგზეა, უარყოფს თავის ნეგატიურ განცდებს. თუმცა ამ შემთხვევებშიც სტრესმა შესაძლოა სხვა გზებით იჩინოს თავი, მაგალითად, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მადის და ძილის დარღვევებს და სხვა.
რა სჭირდება ბავშვს დედისგან და მამისგან მათი განშორების შემდეგ
- მე მჭირდება ორივე თქვენგანი ჩართული იყოს ჩემს ცხოვრებაში. დამირეკეთ, მომწერეთ, დამისვით კითხვები. როდესაც არ ხართ ჩართული, ვფიქრობ, რომ მე არ ვარ მნიშვნელოვანი და რომ ნამდვილად არ გიყვარვართ.
- გთხოვთ, შეწყვიტეთ ჩხუბი და ბევრი იმუშავეთ რომ ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ. შეეცადეთ შეთანხმდეთ ჩემთან დაკავშირებულ საკითხებზე. როდესაც ჩემს გამო კამათობთ, მგონია, რომ რამე არასწორად გავაკეთე და თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
- მინდა ორივე მიყვარდეთ და ვისიამოვნო ორივე თქვენგანთან გატარებული დროით. გთხოვთ, მხარი დამიჭირეთ. თუ ერთმანეთზე იეჭვიანებთ მეგონება, რომ უნდა ავირჩიო რომელიმე მშობელი და ერთერთი უფრო მეტად შევიყვარო.
- გთხოვთ, ერთმანეთს ეკონტაქტეთ ისე, რომ მე არ ვიყო თქვენი მედიატორი.
- ჩემს მეორე მშობელზე საუბრისას, გთხოვთ, მხოლოდ ან კარგი თქვათ, ან საერთოდ არაფერი. როდესაც მეუბნები ცუდ რამეს ჩემს მეორე მშობელზე, მგონია, რომ ჩემგან შენი მხარის დაჭერას მოელი.
- გთხოვთ გახსოვდეთ, რომ მე ორივე თქვენგანი მჭირდება ცხოვრებაში. დედის და მამის მხარდაჭერა თანაბრად მნიშვნელოვანია ჩემთვის. ორივე თქვენგანმა უნდა მასწავლოთ რა არის მნიშვნელოვანი და დამეხმაროთ, როდესაც პრობლემები მაქვს.
წყარო: მისურის უნივერსიტეტი
ზოგჯერ ბავშვებს მაინც აქვთ იმედი, რომ მშობლები ისევ შერიგდებიან, მაშინაც კი, როცა ეს შეუძლებელია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ არის აუცილებელი ბავშვი ყველა შემთხვევაში ნეგატიური განცდებით შეხვდეს მშობლების განქორწინებას, ამაში კი მთავარი როლი მშობლებს და გარშემომყოფებს ეკისრებათ. უმნიშვნელოვანესია მშობლების, ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერა და სწორი მიდგომა.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მწვავეა, აუცილებელია სპეციალისტს დროული ჩარევა და დახმარება.