LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღეა – რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო

460
510ff8ed99551f92163422a63ac00e9d

სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მიმართულების ცალკეული საკითხები, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას გულისხმობდა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 1948 წელს იმსჯელეს და დეკლარაციის სახით მიიღეს. აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებულია სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებები, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება, მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება და სხვა. დოკუმენტს თითქმის ყველა ქვეყანა იცავს, მისთვის სავალდებულო ნორმების შემცველი საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის კუთხით.

რას ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია უფლებაში და თავისუფლებაში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე მთავარ გამოწვევად რჩება?! სიცოცხლისა და ხელშეუხებლობის უფლება, ღირსების უფლება, თანასწორობის უფლება, მიმოსვლისა და გადაადგილების უფლება, პირადი ცხოვრების თავისუფლების უფლება, რწმენისა და აღმსარებლობის უფლება, აზრის გამოხატვის უფლება, ქონების, საკუთრების, შრომის, განათლების, ქორწინების, შეკრების და ა.შ. უფლებებისთვის და თავისუფლებებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქართულ საზოგადოებას უწევს ბრძოლა.

90-იან წლების საქართველოში ადამიანის უფლებები ფეხქვეშ იყო გათელილი

 

90-იანი წლების სამოქალაქო ომიდან დღევანდელ საზოგადოებრივ „დაპირისპირებამდე“ ადამიანის უფლებების დაცვის მცნება და კონკრეტიკა არ შეცვლილა. შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლება დღესაც დაცულია და უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ. ჩამოთვლილი უფლებებიდან გარკვეული სახის მიღწევები აღინიშნება, თუმცა რამდენიმე მთავარი გამოწვევა მაინც რჩება და ამას ხელისუფლებაც აღიარებს.

აქციების 30 წელი – რას აპროტესტებს ქართველი კაცი?

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით, სახელმწიფო არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევისა და საჭიროების წინაშე დგას და ნინო ლომჯარია გამოთქვამს სრულ მზაობას ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან.

ნინო ლომჯარიამ ანგარიში წარადგინა, სადაც მისი შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან შეკრების უფლების დაცვის, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულებები მიმდინარე წელს სათანადოდ არ სრულდებოდა.

„20-21 ივნისის შეკრების მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა, რომ აქციის ძალის გამოყენებით შეწყვეტამდე, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადგილზე არ მომხდარა მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, შეკრების მონაწილეებისთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით, ასევე გამოიკვეთა რიგ შემთხვევებში სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების აშკარა შემთხვევები. ცალკე ყურადღებას იმსახურებს მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტები, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათი დაცულობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან“, – განმარტებულია ანგარიშში.

ომბუდსმენის აზრით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე დაკვირვებამ მრავალი პრობლემა გამოავლინა.
„აქ, დასკვნის სახით, ვიტყვით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანსიაზე უვადოდ ასარჩევად. შერჩევის პროცესი წარიმართა ფარულად, გამოიკვეთა საბჭოს წევრთა მიერ ურთიერთშეთანხმების შემთხვევები, რაც პროცესის სამართლიანად წარმართვას აყენებდა ეჭვქვეშ“, – აცხადებს ლომჯარია.

მოსამართლეთა სია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არ უნდა იყოს განხილული – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს კიდევ ერთხელ გამოეხმაუროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2019 წელს, განხორციელებული შეწყალებების საკითხს და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, შეწყალების უფლებამოსილების ამგვარმა გამოყენებამ დაარღვია სიცოცხლის უფლების პროცედურული ასპექტი.

2019 წელს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კვლავ, კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა წარმოადგენდა.

რაც შეეხება შრომის უფლებას – მდგომარეობა მძიმეა;

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით – არასახარბიელო;

ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა – ბევრი საჭირო ღონისძიებაა გასატარებელი;

ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ – სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია;

გენდერული თანასწორობა – კვლავ პრობლემად რჩება.

 

რაც შეეხება საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, სოფიო კილაძეს შეკითხვა წერილობით შევატყობინეთ და პასუხიც მსგავსი ფორმით მივიღეთ, სადაც ვეკითხებით:

– ქალბატონო სოფიო, რა არის დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით?

– სალამი. რამდენიმე გვაქვს. ერთს ვერ გამოვყოფ.

რამდენად დაცულია სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება საქართველოში?

– მივეცი უკვე ინტერვიუ. ბოდიშს გიხდით.

– რამდენად არის დაცული იმ მოქალაქეების უფლებები, ვინც გუშინ ახალგორთან გაიტაცეს?

შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. დღეს კი 10 დეკემბერია და მსოფლიო  ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. როგორც წინა წლებში, ახლაც გაიმართება რამდენიმე კულტურული თუ შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება, გამოვლენ ხმამაღალი და ყოვლისმომცველი გამოსვლებით, გააკრიტიკებენ ერთმანეთს, აუცილებელ და საჭირო საქვეყნო საქმეებს დაგეგმავენ და ამ „საქმეებში“ ადამიანის უფლებებს ხან დაარღვევენ, ხანაც დაიცავენ.