LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუს ტბის საბაგიროზე სტუდენტები და მოსწავლეები შეღავათებით ისარგებლებენ

218

კუს ტბის საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 1 ლარია. სტუდენტები და მოსწავლეები შეღავათებით ისარგებლებენ.

როგორც ”ფორტუნას” მერიიდან აცნობეს, საფასურის გადახდა შესაძლებელია იმ ბარათებით, რომლებიც მუნიციპალურ ტრანსპორტში გამოიყენება.

საბაგირო დღეს გაიხსნა. მისი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა  მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე  სისტემებით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა) სადგური. ამასთან, მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, კაპიტალურად გარემონტდა გონდოლები. სამუშაოების მიმდინარეობისას  შენარჩუნდა სადგურებისა და გონდოლების ძველი იერსახე.

კუს ტბის ახალ საბაგირო გზაზე თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ორი გონდოლა მოემსახურება და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი. თითო გონდოლით 10-12 ადამიანი იმგზავრებს, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელი.

გონდოლები და სადგურები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბაგირმშენმა“ შეასრულა. პროექტის საერთო ღირებულება 1 100 000 ლარია.

ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საბაგიროს სადგური დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად გახსნა.