„იყავი ბავშვი ამ შობას“ – ეს იმ საშობაო რეკლამის მთავარი სლოგანია, რომელშიც 2 წლის არტური მთავარი პერსონაჟია. დიდი ბრიტანეთში, უელსის ერთ-ერთ პატარა ქალაქში (Rhayader-ში) მდებარე მინი-მარკეტის Hafod Hardware-ის მფლობელმა, რომელიც არტურის მამაა, საშობაო რეკლამის გადაღება გადაწყვიტა. მიზანი უბნის პატარა მაღაზიების წახალისება და პოპულარიზაცია იყო. რეკლამის გადასაღება Hafod Hardware-ს სულ რაღაც 100 ფუნტი დაუჯდა.
მაღაზია Hafod Hardware-ს მიერ გადაღებული საშობაო რეკლამა პატარა არტურის მონაწილეობით youtube.com-ზე 1 დეკემბერს აიტვირთა და უკვე 450 ათასზე მეტი ნახვა აქვს.
როგორც არტურის მამა ამბობს, ვიდეოს ნახვის შემდეგ არტურის ოჯახმა სრულიად უცხო ადამიანებისგან უამრავი თბილი შეტყობინება მიიღო, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
გამოხატული სითბოს მთავარი ობიექტი კი, ცხადია, პატარა არტურია. რეკლამაში ჩანს როგორ უვლის არტური მაღაზიას, როგორ ათავსებს პროდუქციას დახლებზე და როგორ ემსახურება კლიენტებს.
„ჩვენი მაღაზია Hafod Hardware ერთ-ერთი უძველესია ჩვენს მხარეში. ის 1895 წლიდან არსებობს ქალაქ რაიდერში და ეს ამ ქალაქის მაცხოვრებლების დამსახურებაა, რომლებიც უკვე საუკუნეზე მეტია ენდობიან ჩვენს მაღაზიას და ჩვენი კლიენტები არიან. რეკლამის გადაღების მთავარი მიზანიც ის იყო, რომ წაგვეხალისებინა სხვა პატარა, ე.წ უბნის მაღაზიები, რომლებიც თავისი მცირე მასშტაბების გამო მსხვილ სავაჭრო ქსელებს კონკურენციას ვერ უწევენ. ამასთან, გვინდოდა მოგვეწოდებინა მომხმარებლებისთვის, რომ სწორედ ასეთ პატარა მარკეტებზე შეეჩერებინათ არჩევანი“, – ამბობს პატარა არტურის მამა.
როგორც ჩანს, მცირე მეწარმის ჩანაფიქრა გაამართლა, რადგან საშობაო რეკლამა არტურის მონაწილეობით, სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.